Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: უკრაინის არმია კონტროლის ზონას აფართოებს ლუგანსკის და ხერსონის მიმართულებებით


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები ლიმანის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები ლიმანის მახლობლად

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის არმია კონტროლის ზონას აფართოებს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით. კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელი სამხედროები კონტროლის ზონას აფართოებენ ხერსონის ოლქშიც.

ანალიტიკური ცენტრის თანახმად, ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთებზე, რუსეთს განთავსებული ჰყავს უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსულ არმიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიჩნეული 144-ე მოტომსროლელი დივიზია და 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია.

ISW-ის ექსპერტები რუსეთის გენერალური შტაბის და რუსი სამხედრო ბლოგერების და უკრაინული წყაროების მიერ გავრცელებული ცნობების, ფოტო და ვიდეომასალების და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინელი სამხედროები უახლოვდებიან ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას. ამერიკელი ანალიტიკოსები ადასტურებენ უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ჯარების თავდაცვის ხაზის გარღვევას ხერსონის ოლქის ჩრდილოეთითაც.

3 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავდა ხერსონის ოლქის სოფელ მიროლუბოვკაში უკრაინის დროშის აღმართვას. სარდლობა ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ სოფელი გაათავისუფლა „ზაკარპატიეს ლეგიონმა“.

3 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის არმიის სატანკო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტაია ბალკასთან გაარღვიეს რუსი სამხედროების თავდაცვის ხაზი, რასაც „მასირებული ცეცხლით“ უპასუხეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის და ახლომდებარე სოფლის, ტორსკოეს გათავისუფლების შემდეგ, 3 ოქტომბრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით. კონტრშეტევა დაადასტურეს რუსეთის მიერ ანექსირებული ლუგანსკის ე.წ. სახალხო მილიციაში, თუმცა, განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები „საცეცხლე ტომარაში“ მოაქციეს.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, სადაც რუსული ქვედანაყოფების პოზიციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უტევდნენ. ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები. ამას წინ უძღოდა რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად უკრაინის ამ რეგიონების პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციების მიერ 23-27 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები.

XS
SM
MD
LG