Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დასრულდა „აგვისტოს ომის" შემდგომ შექმნილი საერთაშორისო მოლაპარაკების 56-ე რაუნდი


ჟენევა, გაეროს შტაბ-ბინა
ჟენევა, გაეროს შტაბ-ბინა

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. რაუნდის ჩატარება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ის აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

როგორც სამინისტრო იუწყება, მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რომლებიც შეეხება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე ყურადღება გაამახვილა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე — ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ლაშა დარსალიამ საერთაშორისო პარტნიორებს გამოხატული პოზიციისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „ბოლო, 55-ე რაუნდი ჩატარდა გასული წლის დეკემბერში, 9 თვის შემდგომ შესაძლებელი გახდა მოლაპარაკებათა პროცესის 56-ე რაუნდის ჩატარება. ამ მხრივ, მადლობა მინდა გამოვხატო პარტნიორებისადმი, რომელთა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დღევანდელი რაუნდის ჩატარება. მადლობა მინდა გამოვხატო თანათავმჯდომარე ორგანიზაციების - ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს მხრიდან მონაწილეებისადმი. ასევე - ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მონაწილეობისადმი. მნიშვნელოვანი იყო როგორც მათი ძალისხმევა ამ რაუნდის ჩატარებისადმი, ასევე მათი პოზიციონირება და მხარდაჭერა უშუალოდ რაუნდის დროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვქონდა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას, რომელთა გარშემოც მთლიანად ჟენევის პროცესი არის შექმნილი", - თქვა დარსალიამ.

ჟენევის პროცესში პირველად მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერი.

„მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდში. ვარ თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, რომელიც შეერთებული შტატებისთვის ძლიერი პარტნიორია. რა თქმა უნდა, გავიმეორებ, როგორც ყოველთვის, ამას გამოვხატავთ - მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამ რეგიონის მოსახლეობისადმი, რათა 6-პუნქტიანი გეგმა სრულად განხორციელდეს. და, რა თქმა უნდა, ჩვენი წუხილი ეხება დევნილებს, იმისათვის, რომ ჯგუფებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება და საბოლოო ჯამში ფართო მშვიდობა ამ რეგიონში, რაც მნიშვნელოვანია. გეოგრაფიას ვერ შეცვლი, გეოგრაფია მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რომ გვქონდეს მშვიდობა და კეთილდღეობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის ის, რაზეც შეერთებული შტატები გააგრძელებს მხარდაჭერას", - განაცხადა 56-ე რაუნდის შემდეგ ფილიპ რიკერმა.

ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ ჟენევის დისკუსიის ამჟამინდელი რაუნდი არ ჩატარებულა ნორმალურ კონტექსტში.

„ჩვენ ყველამ ვიცით გეოპოლიტიკური სიტუაციის შესახებ, მაგრამ თანათავმჯდომარეებმაც და მონაწილეებმაც მიიჩნიეს, რომ საჭირო იყო კვლავ შეკრება აქ, ჟენევაში და ჩემი აღქმით, გვქონდა აზრთა ღია და გულწრფელი გაცვლა, რომელიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ მომავალი რაუნდებისთვის. და ზოგადად, მე მადლობელი ვარ ყველა მონაწილის, რადგან მოცემული განსხვავებების, რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ასევე, საჭირო იყო რეალური გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა დედაქალაქში იმისთვის, რომ აქ, ჟენევაში ვყოფილიყავით. მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა", - აღნიშნა ტოივო კლაარმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, „საქართველომ ოფიციალურად თქვა უარი აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე".

მოლაპარაკებაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

პირველი სამუშაო ჯგუფში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG