Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა


ბონი ჯენკინსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
ბონი ჯენკინსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბონი ჯენკინსთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ბონი ჯენკინსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა.

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი.

პრეზიდენტმა ისაუბრა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

საუბარი შეეხო ასევე ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის.

პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მომავალ წელს თბილისში დაგეგმილ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.

ბონი ჯენკინსი ასევე შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, გენერალ-მაიორ ნიკოლოზ შარაძეს. საუბრის თემა სასაზღვრო პოლიციის საქმიანობისა და შესაძლებლობების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იყო.

XS
SM
MD
LG