Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ეყოლება რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის პოზიციას ქმნის. შესაბამის გადაწყვეტილებას საბჭომ დღეს, 7 ოქტომბერს, უყარა კენჭი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 17 წევრმა ქვეყანამ, 6 - წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყანასთან მიმართებაში.

გადაწყვეტილება რუსეთში განგრძობადად, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების იმ დარღვევების შესახებ ცნობების გამო მიიღეს, რასაც საერთაშორისო პასუხი ესაჭიროება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსკოვის მიერ 24 თებერვლის შემდეგ მიღებულ ახალ კანონებს სიყალბისა და არმიის დისკრედიტაციის შესახებ, რომლებიც ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას და აძლიერებენ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების დევნას.

სპეციალური მომხსენებელი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებს აღნუსხავს, იმუშავებს სამოქალაქო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და მიაწვდის მონაცემებს და რეკომენდაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ჯერჯერობით უცნობია, ითანამშრომლებენ თუ არა მომხსენებელთან რუსეთის მთავრობა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ოფიციალური ორგანოები.

როგორც "ОВД-Инфо" აზუსტებს, გაეროს უწყებებში რუსეთის წარმომადგენლები არაერთგზის გამოვიდნენ პროექტის წინააღმდეგ და მას „ოდიოზური“ უწოდეს.

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა, რეზოლუციას უწოდა "აშშ-ის ინსინუაციების საფუძველზე აგებული " და "რუსეთის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების ამოფრქვევისთვის" შექმნილი.

საბჭოს მომდევნო სესიებზე მომხსენებლის კანდიდატურა დასახელდება. ის ერთი წლის თავზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და გაეროს გენერალურ ასამბლეას პირველ მოხსენებას წარუდგენს.

7 აპრილს, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებების გამოქვეყნების შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.

XS
SM
MD
LG