Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში, წმინდა ლავრენტის კუნძულზე დააკავეს ჩუკოტკელები, რომლებიც რუსეთიდან სამხედრო სამსახურს გაექცნენ


ალასკა, აშშ. 2006 წელი
ალასკა, აშშ. 2006 წელი

აშშ-ში, ალასკაზე, დააკავეს რუსეთის მოქალაქეები ჩუკოტკიდან, რომლებიც სამხედრო სამსახურს გაექცნენ ნავით.

ამის შესახებ იტყობინება Alaska's News Source. გამოცემის თანახმად, რუსები კუნძულზე 4 ოქტომბერს გადასხდნენ. მათ ადგილობრივ მცხოვრებლებს აცნობეს, რომ არიან ჩუკოტკის სოფელ ეგვეკონოტიდან, რომელიც ზღვით, დაახლოებით, 500 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

რუსეთის სანაპიროდან წმინდა ლავრენტის კუნძულამდე დაახლოებით 60 კილომეტრია.

ისინი დააკავეს და გააგზავნეს ქალაქ გემბელში, კუნძულზე, მოგვიანებით კი ალასკის ყველაზე დიდ ქალაქში, ანკორიჯში, გადაიყვანეს. ახლა ფედერალური ხელისუფლება არკვევს, დაარღვიეს თუ არა რუსებმა აშშ-ის საზღვრის გადაკვეთის წესები და აქვთ თუ არა მათ ქვეყანაში ყოფნის უფლება.

ალასკის გუბერნატორმა, მაიკ დანლივიმ განაცხადა, რომ ეს ერთეული შემთხვევაა და რუსეთიდან მიგრანტების მუდმივი ნაკადი მოსალოდნელი არ არის. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, რუსებმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს.

სენატორმა დენ სალივანმა განაცხადა, რომ მოცემული ინციდენტი ცხადყოფს, რომ "რუს ხალხს არ სურს პუტინის აგრესიული ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ". მან ასევე მოუწოდა ფედერალურ ხელისუფლებას, მოამზადოს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ალასკაში მოხვედრის მცდელობის მქონე რუსების რაოდენობა გაიზრდება.

Forbes-ის მონაცემებით, მობილიზაციის დაწყებიდან რუსეთი დაახლოებით 700 000-მა მოქალაქემ დატოვა. გამოცემის თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყნიდან ტურისტული მიზნით წასულთა რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. მობილიზაციის პირველივე დღეებიდან იმ ქვეყნების საზღვრებთან, სადაც უვიზო შესვლაა შესაძლებელი, დიდი რიგები დადგა, ხოლო რამდენიმე დღით ადრე, თვითმფრინავის ბილეთები რამდენჯერმე გაძვირდა.

XS
SM
MD
LG