Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათამდე დაღუპული, ფენტანილის კვალი და ერთი წუთი სიცოცხლის დასაზღვევად


როცა თედო [სახელი შეცვლილია] სახლიდან გავიდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ შინ დარჩენილ ორ მეგობარს ვეღარასოდეს ნახავდა.

22-23 წლის ბიჭებმა წინა ღამით მიიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ამფეტამინის სახელით იყიდეს. Ზოგიერთი ტიპის ამფეტამინი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალოდ გამოიყენება. ამ სტიმულატორს ხშირად თავდაჯერებულობის, კომუნიკაბელურობისა, ენერგიის გასაზრდელად მოიხმარენ.

თედომ მალევე თავი შეუძლოდ იგრძნო, ღებინება დაეწყო და დასაძინებლად დაწვა. მეგობრები აღარ მოუკითხავს. არც დილით, სახლიდან გასვლამდე უცდია მათი გაღვიძება.

ორი ახალგაზრდის ცხედარი მუხიანში, ნაქირავებ ბინაში 20 სექტემბერს იპოვეს.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ბოლო თვე-ნახევარში 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მიღების შემდეგ.

სიკვდილს დიდი ალბათობით, სტიმულანტებში შერეული ნარკოტიკული ნივთიერება ფენტანილი იწვევს, რომლის უმცირესი დოზაც სიცოცხლისთვის სარისკოა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ფენტანილთან დაკავშირებით ყველაზე კატასტროფული სიტუაციაა“, - ამბობს თემო ხატიაშვილი, სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ხელმძღვანელი, რომლის მიზანი ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა.

1 წუთი სიცოცხლის დასაზღვევად

კარი იღება და „მანდალას“ ოფისში ორი მაღალი, 35 წლამდე, შავებში ჩაცმული კაცი შემოდის.

„გამარჯობა. გუშინ თქვენი პოსტი ვნახეთ და ფენტანილზე გვინდა გადამოწმება. ისეთი შეშინებულები ვართ უკვე…“, - ამბობს ერთი-ერთი.

„მანდალა“ უკვე რამდენიმე კვირაა, საკუთარ სოციალურ ქსელებში მომხმარებელს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ამან გადაგარჩინა“, - ეუბნება კაცი მის თანმხლებს და მიუთითებს ნალოქსონზე, ოპიოიდების ზედოზირების საწინააღმდეგო, სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტზე.

მეორე, კეპიანი და მოვლილი წვერით, ორი დღე ყოფილა ხელოვნურ სუნთქვაზე, მას შემდეგ, რაც დაახლოებით 10 დღის წინ, ხმამაღალი მუსიკისა და მეგობრების თანხლებით, როგორც თვითონ ეგონა MDMA, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „კლუბური ნარკოტიკი“ მიიღო, ენერგიისა და ემოციური სიამოვნების გასამძაფრებლად, თუმცა რამდენიმე საათში გონება დაკარგა და სუნთქვა შეუჩერდა.

„იქვე გვქონდა ნალოქსონი. როგორც კი გავუკეთეთ 15 წამში თვალები გაახილა. გვგონია, რომ ფენტანილიანი იყო“.

„გაგატანთ კიდევ [ნალოქსონს]“, - ეუბნება თემო ხატიაშვილი და მწიკვ თეთრ ფხვნილს ერთჯერადი პლასტმასის ჭიქაში ყრის. შპრიცით 50 მლ/ლ წყალს ასხამს, შემდეგ სალათისფერ პაკეტს ხსნის და მასში მოთავსებულ სწრაფი ტესტის ჩხირს წყალში დებს.

ფენტანილზე ნივთიერების შემოწმებას მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება.

სწრაფი ტესტი ერთ ხაზს აჩვენებს. ფენტანილის კვალია!

„კვალი ნიშნავს, რომ ამის მიღება უკვე სიკვდილთან თამაშია“, - ამბობს თემო ხატიაშვილი და ამატებს: „ზუსტად ბოლო ერთი კვირაში გავტესტეთ 70-80 ნივთიერება, რომელიც უნდა ყოფილიყო მდმა. აქედან ერთიც ვერ ვიპოვეთ, რომელშიც არ იყო გარეული ფენტანილი“.

ფარმაცევტული ფენტანილი სინთეტიკური ოპიოიდია, რომელიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ, როგორც წესი, კიბოს წინააღმდეგ. ის 50-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი და 100-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე მორფინი.

უკანონოდ დამზადებულ ფენტანილს კი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მთავარი როლი აქვს ამერიკაში ფატალურ და არაფატალურ ზედოზირებებში.

ფენტანილის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თავს ცუდად შეიძლება საერთოდ არ გრძნობდეს. ამიტომ, ამ ნივთიერებით გამოწვეული სიკვდილი არის ნელი და შეუმჩნეველი.

„მანდალას“ შეუძლია თითქმის ყველა ხშირად მოხმარებული ნარკოტიკის შემოწმება - ნამდვილად არის თუ არა ამ ნივთიერებაში ის, რომელიც მომხმარებელს ჰგონია. თუმცა ორგანიზაციას არ აქვს შესაძლებლობა, ლაბორატორიულად დაადგინოს, პროცენტულად რა კონცენტრაციაა ერთი ან მეორე ნივთიერება. პირობითად, რა ნაწილია ფხვნილში მდმა და აქვს თუ არა მას დამატებული სხვა სუბსტანცია.

ერთ გრამ მდმა-ში შავებში ჩაცმულ კაცებს 280 ლარი გადაუხდიათ. ამბობენ, რომ ბოლოს ჯამში 13-14 გრამი იყიდეს, დაახლოებით 10 ადამიანისთვის.

„ყველა მე მაქვს და მთლიანად გადავყრი“, - ამბობს ერთ-ერთი და ოფისიდან გადის.

რაზეც სახელმწიფო თვალებს ხუჭავს

საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების დამზადება, შეძენა თუ შენახვა მკაცრად ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, მათი გასაღება კი - 20-წლამდე.

„მანდალა“ მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება და ცდილობს, ადამიანები ნარკოტიკების ეფექტებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციით აღჭურვოს.

ასეთი ორგანიზაციის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა 2017 წელს, ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე 22 წლის გოგო ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შედეგად გარდაიცვალა.

დღეს, „მანდალას“ ჯგუფი არაერთ მუსიკალურ ფესტივალზე და ღამის კლუბში მუშაობს, სადაც მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მათ ხელთ არსებული ნივთიერების შემოწმება თუ ზედოზირების შემთხვევაში, დახმარების მიღება.

„ჩვენ დავდივართ და ვაკვირდებით, ვინმეს ხომ არ სჭირდება დახმარება, ხომ არ უვითარდება ზედოზირება. მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ადამიანებს შესაძლო შფოთვების, ფსიქოლოგიურ ტრავმებთან გამკლავების დროს. და რაც მთავარია ვაძლევთ მათ ინფორმაციას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანით მოიხმარონ ნარკოტიკები“, - ამბობს ხატიაშვილი და ამატებს: „ამას რომელიმე სამედიცინო ბრიგადა ვერ გააკეთებს. მათ შეუძლიათ გულწასულ ადამიანს ჩაუტარონ ხელოვნური სუნთქვა. ჩვენ კი ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს“.

თემო ხატიაშვილი
თემო ხატიაშვილი

ოფისში 25 წლამდე გოგო შემოდის, ტოპით და ცხვირზე პირსინგით. ამბობს, რომ 1-2 თვეში ერთხელ მოიხმარს ხოლმე ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებს, გართობისა და დასვენების მიზნით. მისივე თქმით, არც ერთ ნარკოტიკს არ ენდობა, რადგან არ იცის კონკრეტულად საიდან მოდის და ვისგან. თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ფრთხილობს. მასაც ფხვნილი აქვს მოტანილი შესამოწმებლად.

თემოს ხშირად ეკითხებიან, საიდან ვიცი, თქვენთან რომ მოვიდე ნარკოტიკით ჯიბეში, გზაში არ გამაჩერებენ?!

„ამის გარანტია არ მაქვს და ვერც სხვებს ვაძლევთ“, - ამბობს ხატიაშვილი და ამატებს: „არადა უნდა შეგვეძლოს. რადგან ასე უფრო მეტ ადამიანს მივწვდებოდით“.

- აქ ფენტანილი არის.
- მაშინ არ მივიღებ, რა თქმა უნდა.

„მანდალას“ ოფისში ყოველდღიურად საშუალოდ 10-15 ადამიანი მიდის. უფრო მეტ ადამიანს კლუბებსა თუ ფესტივალებზე ეხმარებიან.

„კლუბი კი არა, ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ აკონტროლებს, აგერ დილერები საწამლავს ყიდიან“, - ამბობს ხატიაშვილი.

„ნაძირალა დილერები“

ნარკოტიკების შავი ბაზრის ჯაჭვი - „მანდალას“ ინფორმაციით - 1-2 მაღალ საფეხურზე მყოფი დილერისგან იწყება, „რომლებიც საერთოდ არ ჩანან“.

ჯაჭვის შემდეგი რგოლი კიდევ „4-5 დილერია, რომელთა სახელებს ძირითადად უფრთხილდებიან და მათთან პირდაპირი კავშირიც [მომხმარებლებს] როგორც წესი არ აქვთ. მათ როგორც წესი სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით უკავშირდებიან და იღებენ ნარკოტიკის ადგილმდებარეობის ფოტოებსა და ზუსტ კოორდინატებს, ხშირად გარეუბნებსა ან მიუვალ ადგილებში.

„მანდალაში“ ამბობენ, რომ თითქმის ყველა დილერი, წლებია ყიდის ერთსა და იმავეს და წლებია, არიან დილერები, ერთი და იმავე სახელით, ერთი და იმავე აპლიკაციებში.

ბოლო რგოლი კი, როგორც მანდალაში გვეუბნებიან, კიდევ არაერთი პატარ-პატარა გადამყიდველები შეიძლება იყვნენ.

„ახლა ვფიქრობ, დილერების სახელები გადავცე შსს-ს. პირველად ვფიქრობ ასეთ რამეს, რადგან ერთ მხარეს არის ადამიანების სიცოცხლე და მეორე მხარეს ნაძირალა, რომელიც სიკვდილს ყიდის. მაგრამ, ესენი რომ დაიჭირონ, სხვა არის ზევით, რომელიც ამათ ძალიან მარტივად ჩაანაცვლებს“, - ამბობს თემო ხატიაშვილი.

ოფისში კიდევ ორი ბიჭი შემოდის.

ტესტერი ერთ ხაზს აჩვენებს.

არა, ამას არ მივიღებთ, ამბობენ ისინი.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG