Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუმინეთში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუმინეთში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა ბუქარესტში, „ჰენრი კოანდას” საერთაშორისო აეროპორტში. რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი 11 ოქტომბერს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდება რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს ვერნერ იოჰანს. პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართავენ პრესკონფერენციას.

რუმინეთში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტს როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტები ხელს აწერენ დოკუმენტს, ერთობლივ დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

როგორც ნიკოლოზიშვილმა თქვა, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერია.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი ასევე შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებს. გარდა ამისა, ის ეწვევა რუმინეთის საპორტო ქალაქს კონსტანცას.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.

XS
SM
MD
LG