უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, ევროკავშირის შემდგომი შანტაჟის მიზნით, შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა Nord Stream-2 აამოქმედოს.
"მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად, ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში.
ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, რუსეთი ასეთი შანტაჟით შეეცდება დააშინოს ევროკავშირი და აიძულოს ის გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ამოქმედება, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ არ უნდა დაუშვას.
26 სექტემბერს მწყობრიდან გამოვიდა რუსული გაზსადენები, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. ორი წერტილი, საიდანაც გაზი ზღვაში ჟონავს, დანიის, კიდევ ორი - შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაშია. გაზსადენები გაზისგან რამდენიმე დღეში სრულიად დაიცლება.
ნატომ და ევროკავშირმა მომხდარი საბოტაჟად შეაფასეს, რუსეთმა კი საქმე საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით აღძრა. მართალია, გამოძიების დასრულებამდე სხვადასხვა ვერსია განიხილება, მაგრამ ექსპერტები უფრო აფეთქებისკენ იხრებიან.