Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ ააფეთქა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“?  


გაზი ბალტიის ზღვაში ჟონავს
გაზი ბალტიის ზღვაში ჟონავს

„ნებისმიერ მიზანმიმართულ შეტევას ალიანსის ქვეყნების კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურაზე, მოჰყვება ერთიანი და მტკიცე პასუხი“, - განაცხადა ნატომ ბალტიის ზღვაში გაზსადენების დაზიანებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მომხდარი უკვე შეფასდა დივერსიად.

26 სექტემბერს მწყობრიდან გამოვიდა რუსული გაზსადენები, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. ორი წერტილი, საიდანაც გაზი ზღვაში ჟონავს, დანიის, კიდევ ორი - შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაშია. გაზსადენები გაზისგან რამდენიმე დღეში სრულიად დაიცლება.

„…ეს ინციდენტები შემთხვევითობა არ არის. ის ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე გვაქვს, მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული დივერსიაა. წინასწარი განზრახვით მიყენებული ზიანი“, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა 28 სექტემბერს.

უკვე დღეს კი ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ თავის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება:

ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში გაზსადენებისჩრდილოეთის ნაკადი -1“ დაჩრდილოეთის ნაკადი -2“ დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ამ დრომდე არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული, უგუნური და უპასუხისმგებლო საბოტაჟის შედეგი. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებს, რომელიც ზარალის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს.

ჩვენ, მოკავშირეებს გვაქვს ვალდებულება, მოვემზადოთ შეკავებისა და თავდაცვისათვის - ენერგიისა და სხვა ჰიბრიდული ტაქტიკების იძულებით გამოყენებისგან, სახელმწიფოების თუ სხვა, არასახელმწიფო აქტორების მიერ. ნებისმიერ მიზანმიმართულ შეტევას ალიანსის ქვეყნების კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურაზე მოჰყვება ერთიანი და მტკიცე პასუხი“.

გაზსადენები, რომლის მშენებლობაზეც რუსეთმა მილიარდები დახარჯა ბალტიის ზღვაში, 100 მეტრამდე სიღრმეშია გაყვანილი. ამ წყალქვეშა არტერიებით რუსეთს გაზი ევროპისთვის უნდა მიეცა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა. მაგრამ დივერსიის მომენტში ტრანსპორტირება შეჩერებული იყო. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არც ამუშავებულა. მიუხედავად ამისა, ორივე გაზსადენში ჩატუმბული იყო გაზი, რომელიც ახლა ზღვაში იჟონება.

როგორ დაზიანდა მილსადენები?

ნატომ და ევროკავშირმა მომხდარი საბოტაჟად შეაფასეს, რუსეთმა კი საქმე საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით აღძრა. მართალია, გამოძიების დასრულებამდე სხვადასხვა ვერსია განიხილება, მაგრამ ექსპერტები უფრო აფეთქებისკენ იხრებიან. ამ ვერსიას გაზის გამოფრქვევის სიჩქარე და გაზსადენების მდგრადობა ამყარებს - გაზსადენის მილის დიამეტრი მეტრზე მეტია. აქვს 27-35 მმ სისქის ფოლადის კედლები, რომელიც დამატებით კიდევ მრავალი ფენით არის დაფარული, სულ ბოლო ფენა რკინაბეტონის კონსტრუქციაა.

გაჟონვა სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მოხდა. სეისმოლოგი პიტერ შმიდტი ამბობს, რომ მცირე დროში ძალიან დიდი რაოდენობის ენერგია გამოთავისუფლდა, რაც სხვა სახის კოლაფსის დროს არ ხდება ხოლმე.

„ჩრდილოეთის ნაკადი -2“
„ჩრდილოეთის ნაკადი -2“

ნორვეგიის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზიანებულ უბნებთან ახლოს უპილოტო აპარატები შენიშნეს. The Guardian-ი ვარაუდობს, რომ გაზსადენზე ნაღმები იყო მიმაგრებული. ამის გაკეთება შეეძლოთ მყვინთავებს, რომლებიც ამ ადგილებამდე სავაჭრო გემით მივიდოდნენ.

ალექსეი კუჩარენკომ, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადის ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეა, „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ თქვა, რომ გაზსადენების აფეთქება ისევ რუსეთს აძლევდა ხელს. თუმცა, თავის მხრივ, რუსეთი ამას უარყოფს. ბრალდებები ჯერ ევროკომისიასაც არ წარუდგენია.

ნასტოიაშჩეე ვრემია“: დანიის ენერგეტიკული სტრუქტურები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ნაკადისმილებში გაზის დიდი ნაწილი უკვე აღარ არის. გაზი უბრალოდ ატმოსფეროში იფანტება?

ალექსეი კუჩარენკო: ჯერ ზღვაში და მერე ატმოსფეროშიც. მაგრამ მე ის მინდა გავიხსენო, რაც ამ ამბავს უძღოდა წინ. იქ არის ორი გაზსადენი: „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. თავის მხრივ, ორივეს ორ-ორი მილი აქვს. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არც კი ამუშავებულა, მაგრამ რუსებმა შიგ გაზი ჩატუმბეს - დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი. გამოდის, რომ გაზი, რომელმაც გერმანიამდე ვერ მიაღწია, ამ გაზსადენში იყო.

რაც შეეხება გაზსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“, ის აგვისტოს ბოლომდე მუშაობდა. შემდეგ ტურბინასთან დაკავშირებით რაღაც ტექნიკური პრობლემა შეექმნათ. შემდეგ ზეთმა გაჟონა. საბოლოოდ კი როგორღაც ხელოვნურად გააჩერეს. არ მინდა ვერსიები განვიხილო, მაგრამ მგონია, რომ ასეთი ავარიები მსგავს საიმედო სისტემებზე შემთხვევით არ ხდება. გამომძიებლებმა გამოიძიონ.

ახლა მთავარი კითხვა: ვის აძლევს ეს ხელს? ბევრი ექსპერტი პროგნოზირებს, რომ გაზსადენი ვეღარ შეკეთდება. ანუ გამოდის „არც მე, არც სხვას“. თუ გაზსადენი შეგნებულად გამოიყვანეს მწყობრიდან, რა დონეზე უნდა მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომლითაც მრავალმილიარდიანი პროექტი დაასამარეს?

- თუ რუსეთი დგას ამ აფეთქებების უკან, ეს მას რაში წაადგება?

- უნდა გავიხსენოთ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ აშშ-მა იცის, როგორ არ დაუშვას ამ პროექტის ამოქმედება. ვფიქრობ, მაშინ ამერიკელები ეკონომიკურ, პოლიტიკურ ზეწოლას და სანქციებს გულისხმობდნენ. არა მგონია, დევერსიის უკან ასეთი სერიოზული ქვეყნები იდგნენ. აი, არაადეკვატურ, ტერორისტ ქვეყანას კი ეს პოლიტიკურად ხელს აძლევს, რადგან ახლა უკვე არგუმენტი აქვთ, ევროპაში რუსული გაზი ამ ორი არხით ვერ გავა. რჩება მხოლოდ უკრაინის გავლით ტრანზიტი, რომელიც ახლა სუსტად მუშაობს, მაგრამ ველოდები, რომ მალე ფორმალური მიზეზების გამო საერთოდ შეაჩერებენ.

- ანუ ამბობთ, რომ თავად აიფეთქეს თავი, ევროპის შანტაჟი რომ განაგრძონ? მაგრამ ამაში ხომ კოლოსალური თანხა ჩაიდო?

- რუსეთმა ამ ავანტიურაში იმდენად შეტოპა, რომ მორიგი 3-8 მილიარდი არაფერს ნიშნავს. ნახევარი ისედაც ევროპული კრედიტი იყო. ამის გამო რუსეთის საქციელი განსაზღვრადია. ის საკუთარ ქონებას დააზიანებს, რომ ევროპა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს და აიძულონ უკრაინის დახმარებაზე უარი თქვას.

- ან ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე, რომ ის რუსეთთან დათმობებზე წამოვიდეს. ერთი გერმანული გაზეთი წერს, რომ [გაზსადენის დაზიანება] კიევის ინტერესებშია. ასე ტრანზიტი მხოლოდ უკრაინის და პოლონეთის გავლით წავა. აქ მინიშნებაა, რომ ეს შესაძლოა უკრაინულ სპეცსამსახურებს გაეკეთებინათ.

- ეს რუსი პოლიტიკოსების პირველი ვერსიაა, ბანდერელებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე აფეთქება მოაწყვესო. ლამაზი ვერსიაა, არა? არ ვიცი, რამდენად მომგებიანია ეს. ეს ხომ არ არის მარტივი კომბინაცია, „ააფეთქე და მორჩა“. ისიც ხომ უნდა მოახერხო, რომ ამის შემდეგ გაზი ევროპაში უკრაინის გავლით წავიდეს. ამიტომ უკრაინელი სამხედრო მყვინთავების ოპერაციას გამოვრიცხავ. მხოლოდ ავადმყოფურმა ფანტაზიამ შეიძლება ეს მოიფიქროს. ეს ხომ ბალტიის ზღვაა, იქ 70 მეტრია სიღრმე, ასეთ პატარა სიღრმეზე ძალიან ადვილია გამოარკვიო, რა მოხდა. როგორ მოახერხებდა უკრაინა ამის გაკეთებას, წარმოდგენაც არ მაქვს.

- რამდენად მოახდენს ეს ყველაფერი გავლენას ევროპაზე, მით უფრო, რომ გაზსადენი ისედაც გაჩერებული იყო?

- უკვე აღარანაირად. ახლა ევროპაში მომარაგების დონე 85 პროცენტზე მეტია. თითქმის ყველა ევროპული საცავი გაივსო. რა თქმა უნდა, თუ უკრაინის ტრანზიტი შეჩრდება, უკრაინას გათბობა მართლაც გაუჭირდება. ასეც შეიძლება ამის გაგება. მაგრამ 2009 წელს ეს უკვე გავიარეთ.

რადიო თავისუფლების სტატიების მიხედვით მოამზადა თეა თოფურიამ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG