Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შემდგომი აგრესიის შესახებ, რომელშიც ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი მოღვაწე ვლადიმირ ყარა-მურზა.

რეკომენდაციის იმავე პარაგრაფში ხაზგასმულია ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.

"ასამბლეა ასევე გამოდის მოწოდებით, რომ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეები გადაიხედოს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში და მოხდეს მათი, მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება", - ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული.

კრემლის ოპონენტი პოლიტიკოსი ვლადიმირ ყარა-მურზა რუსმა სამართალდამცველებმა 2022 წლის აპრილში დააკავეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს მას ვაცლავ ჰაველის პრემია მიანიჭა დემოკრატიული და მშვიდობიანი რუსეთის შექმნისკენ მიმართული გაბედულებისა და მტკიცე ბრძოლისთვის.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და იგი სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

1 ოქტომბერს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

XS
SM
MD
LG