Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი "ტერორისტული სახელმწიფოა", მიხეილ სააკაშვილი "პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარი" - PACE-ს რეზოლუცია მოკლედ


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს მიმართავს საპარლამენტო ასამბლეას რეზოლუციის მიღებამდე. სტრასბურგი, 2022 წლის 13 ოქტომბერი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს მიმართავს საპარლამენტო ასამბლეას რეზოლუციის მიღებამდე. სტრასბურგი, 2022 წლის 13 ოქტომბერი.

99 მომხრე, ერთმა თავი შეიკავა. 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი “ტერორისტულ რეჟიმად” აღიარა, გაეროს უშიშროების საბჭოში მის წევრობას კი “უკანონო” უწოდა. იმავე რეზოლუციაში PACE-მ მოუწოდა საქართველოს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

16-პუნქტიან დოკუმენტში რუსეთს ასევე მოუწოდეს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. პარლამენტარებმა დაგმეს სექტემბრის ბოლოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები და რუსეთის მუქარა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

რას ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და ვინ მისცა მას ხმა საქართველოს დელეგაციიდან?

ხუთიდან ერთი

“რუსეთის მიერ უკრაინაში შორსმსროლელი არტილერიის გამოყენებამ გამოიწვია მასობრივი განადგურება და სიკვდილი. 2022 წლის 10 ოქტომბერს, ბარბაროსული თავდასხმის სამიზნე იყო რამდენიმე უკრაინული ქალაქი… რუსეთი განაგრძობს მის ტერორისტულ პოლიტიკას, ჩაუხშოს უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევის და საკუთარი ქვეყნის დაცვის ნება და მიაყენოს მაქსიმალური ზიანი მშვიდობიან მოსახლეობას” - ნათქვამია რეზოლუციაში.

დეპუტატების განცხადებით, დროულად უნდა შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც პასუხისგებაში მისცემს ყველას, ვინც დაგეგმა და განახორციელა ომის დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე.

სამუშაო ვერსიაში შევიდა 14 შესწორება. უმრავლესობის ინიციატორები იყვნენ უკრაინელი დეპუტატები. შესწორება #4 მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, “დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვლადიმირ კარა-მურზა”, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების კრიტიკისთვის სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.

ასევე “ასამბლეა მოუწოდებს როგორც რუსეთის ფედერაციას, ისე სხვა ქვეყნებს, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)”.

შესწორება #7-ში კი ვკითხულობთ: “გამოცხადდეს რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად”.

საქართველოს PACE-ში 5 მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს. მათგან 3 “ქართული ოცნებიდანაა” (ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი კობახიძე, თამარ ტალიაშვილი), ერთი “მოქალაქეებიდან” (ლევან იოსელიანი) და ერთიც “ნაციონალური მოძრაობიდან” (ხატია დეკანოიძე). მხოლოდ ამ უკანასკნელმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირა როგორც რეზოლუციას, ისე მის შესწორებებს.

რას ნიშნავს ეს?

PACE ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა. მისი რეზოლუციები და რეკომენდაციები არ არის სავალდებულო შესასრულებლად. ამიტომ ის არც საქართველოს ავალდებულებს გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, და ავტომატურად არც ახალ ეკონომიკურ სანქციებს ნიშნავს რუსეთის, როგორც "ტერორისტული რეჟიმის" წინააღმდეგ.

მსოფლიოში არ არსებობს ტერორიზმის ერთიანი დეფინიცია. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული კრიტერიუმები აქვს. მაგალითად, გაერომ 60 წელიწადზე მეტია, ვერ შეძლო ტერორიზმთან საბრძოლველი კონვენციის მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ წევრები ტერმინის საერთო განმარტებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ევროპის საბჭოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ტერორისტული აქტის ჩამდენები, როგორც წესი, არიან არა ხელისუფლებები, არამედ ცალკეული ჯგუფები. უწყებას მოჰყავს კრიტერიუმებიც, რომელთა მიხედვითაც აქტი შეიძლება ტერორისტულად შეფასდეს: პოლიტიკური მოტივი; ძალადობა, ან ძალადობის მუქარა; ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედება; მსხვერპლი კი მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს.

BBC-ს რუსული სამსახური წერს, რომ შესაძლოა, რუსეთი კი არ გამოაცხადონ ტერორისტულ სახელმწიფოდ, არამედ უბრალოდ ტერორისტებად აღიარონ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

გარდა ამისა, რეზოლუცია დამატებითი სტიმული შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც. მაგალითად, აშშ-ისთვის, რომელსაც 1979 წლიდან მოყოლებული აქვს “ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების” სია. ახლა მასში ოთხი ქვეყანაა: ჩრდილო კორეა, ირანი, სირია და კუბა.

“ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებს” აშშ უწესებს სხვადასხვა ეკონომიკურ სანქციებს და კონტროლს აწესებს მათთვის “ორმაგი დანიშნულების საქონლის” მიყიდვაზე. ანუ ისეთ საქონელზე, რომელიც შეიძლება გამოიყენონ, როგორც სამრეწველო, ისე სამხედრო მიზნებისთვის.

15 სექტემბერს, აშშ-ის სენატში შესაბამისი კანონპროექტიც დარეგისტრირდა. თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჯერ ყოყმანობს. როგორც ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, ორი მიზეზით: შტატებმა ისედაც დაუწესა რუსეთს ეკონომიკური სანქციები, თანაც რუსეთმა საპასუხოდ შეიძლება კვლავ ხელი შეუშალოს შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, რითაც არაერთ ქვეყანას შიმშილი დაემუქრება.

16 მარტს 46-მა ქვეყანამ ერთხმად გარიცხა რუსეთი ევროპის საბჭოდან, უკრაინაზე თავდასხმის გამო.
მაისში ლიტვის პარლამენტმა რუსეთი აღიარა “ტერორიზმის განმხორციელებელ”, აგვისტოში კი ლატვიის პარლამენტმა “ტერორიზმის მხარდამჭერ” ქვეყნად. მსგავს კანონპროექტს ახლა განიხილავს ესტონეთის პარლამენტიც.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG