Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეკისრება „მტკიცების ტვირთი?“


ავტორი: ინგა ღოღობერიძე

„თუ რასისტ თეთრკანიან ადამიანს, აქ არ ვგულისხმობ მას, ვინც საკუთარ ცნობიერებასა თუ სინდისს კითხვებს უსვამს, არ ესმის, რომ ისიც რასას წარმოადგენს, შექმნილ, სახელდარქმეულ, გამოგონილ კატეგორიას, რომელსაც კონკრეტული სარგებელი მოაქვს, საკითხავი ის არის, რა გრჩება, ეს შენი რასობრივი კატეგორია, უცებ რომ გაქრეს.. რჩები დაძაბული, მხოლოდ და მხოლოდ შენი პატარა თავის ამარა და როგორია ეს შენი თავი, შენი იდენტობა რასიზმის გარეშე? ვარგიხარ რამედ? კვლავ ძლიერი ხარ? კვლავ ჭკვიანი ხარ? ისევ მოგწონს საკუთარი თავი? თუ მხოლოდ მაშინ შეგიძლია იყო მაღალი, როცა სხვა მუხლებზეა დაჩოქილი, მაშინ სერიოზული პრობლემა გაქვს. და ჩემი აღქმით, თეთრკანიან ხალხს მართლაც აქვს ძალიან, ძალიან სერიოზული პრობლემა და სწორედ მათ თავადვე უნდა დაიწყონ ფიქრი იმაზე, რა შეიძლება ამას მოუხერხონ. მე ნუ ჩამრთავთ ამაში“ (თარგმანი: სალომე ასათიანი) - ეს სიტყვები მე-20 საუკუნის გამორჩეულ მწერალს, ტონი მორისონს ეკუთვნის.

უნდა ვაღიარო, რომ ის სულ ცოტა ხნის წინ სალომე ასათიანის პოდკასტით გავიცანი და დღეს უკვე მოწინავე ადგილი უკავია იმ ადამიანთა რიგებში, რომლებიც განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებენ. არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვი, რომ მორისონის მხოლოდ ამ სიტყვებმაც კი სამყარო სრულიად ახლებურად დამანახა და ათვლის წერტილებიც სულ სხვა მხარეს გადამატანინა.

თავად მორისონი მხოლოდ რასიზმის თემას ეხება. ის პირდაპირ, ხისტად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვეუბნება, რომ რასიზმი არა შავკანიანების, არამედ ჩვენი, თეთრკანიანების პრობლემაა. აქამდე რასიზმი ჩემთვის ყოველთვის იმ ტრაგიკულ მოვლენად წარმოჩნდებოდა, რომელსაც შავკანიანები უნდა გამკლავებოდნენ, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ სინამდვილეში, ეს მხოლოდ და მხოლოდ თეთრკანიანთა პრობლემა იყო.

რა შეგვიძლია ვთქვათ სექსიზმის, ჰომოფობიის, ქსენოფობიისა თუ სხვა მრავალი იზმისა და ფობიის შემთხვევაში, რომლის ნაკლებობასაც ჩვენი სამყარო არც ახლა განიცდის და არც არასდროს განუცდია?!

მორისონი გეუბნება, რომ თუ შენ ხარ რასისტი, ეს შენი მოსაგვარებელია და არა შავკანიანების.

მე გეტყვი:

თუ შენ ხარ სექსისტი, ეს შენი მოსაგვარებელია და არა ქალების.

თუ შენ ხარ ჰომოფობი, ეს შენი მოსაგვარებელია და არა ქვიარ საზოგადოების.

მოდით, რამდენიმე წამით სამყარო სასამართლო დარბაზად წარმოვიდგინოთ, კაცობრიობა კი ბრალმდებლებად და ბრალდებულებად დავყოთ. ამის წარმოდგენა არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან რეალობისგან არც ისე შორსაა.

უხსოვარი დროიდან დღემდე ქალებს ბრალს სდებენ, რომ ისინი სათანადოდ ნიჭიერები არ არიან, რომ მათი ადგილი არ არის იმ კაცების გვერდით, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან. ასევე სდებენ ბრალს გეებს, ლესბოსელებს, ტრანსგენდერებს და სხვა ქვიარ ადამიანებს, რომ ისინი საზოგადოების არაჯანსაღი, არასრულფასოვანი წევრები არიან, რომ მათ არ აქვთ უფლება, იარსებონ.

რას ვაკეთებთ ამ დროს ქალები?

ვცდილობთ, ჩვენი ,,უდანაშაულობა“ დავამტკიცოთ. ვცდილობთ, დავაჯეროთ, რომ იცით, რეალურად, ჩვენ ჭკვიანები ვართ, ძლიერები ვართ და შეგვიძლია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ვიყოთ ჩართული.

ასევე იქცევიან ქვიარები. ცდილობენ ,,ბრალმდებლებს“ დაუმტკიცონ, რომ რეალურად მათ აქვთ არსებობის უფლება.

და რატომ ვაკეთებთ ამას? დაფიქრებულხართ ამაზე?

დავუბრუნდეთ სასამართლო დარბაზს - ბრალმდებლებს და ბრალდებულებს. სამართლებრივად ეს ამბავი ასე გამოიყურება: როცა ვიღაც ბრალს გდებს რაიმე სახის დანაშაულში, ,,მტკიცების ტვირთი“ მას ეკისრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს. ეს ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცოს შენი დანაშაული.

და თუ ასეა, სასამართლო დარბაზში უნდა გამოცხადდნენ სექსისტები იმისათვის, რომ წარმოგვიდგინონ მტკიცებულებები, თუ რის საფუძველზე გვდებენ ბრალს უნიჭობაში, უუნარობაში, სისუსტეში.

გამოვიძახოთ დარბაზში ჰომოფობები.

და ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ ჩვენ წინააღმდეგ ცარიელი სიტყვების გარდა არაფერი აქვთ.

ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ,,ბრალდებულებს“ ყველა ბრალდება მოგვეხსნას და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა მოგვეცეს.. ყველას გვქონდეს ერთნაირი სასტარტო პირობები იმისათვის, რომ მივიღოთ განათლება, ვიმუშაოთ, ვწეროთ, ვიკითხოთ.. როგორ იგრძნობთ თავს ასეთ სამყაროში ,,ბრალმდებლები?“

კვლავ ძლიერები ხართ?

კვლავ ჭკვიანები ხართ?

კვლავ ყველაზე წარმატებულები ხართ?

კვლავ თქვენ ხართ დასაქმებული წამყვან პოზიციებზე?

კვლავ თქვენი სახელები წერია ,,ბესტსელერებზე“?

კვლავ თქვენ ხართ გამოჩენილი მეცნიერები?

კვლავ თქვენ აწესებთ თამაშის წესებს?

,,თუ მხოლოდ მაშინ შეგიძლია იყო მაღალი, როცა სხვა მუხლებზეა დაჩოქილი, მაშინ სერიოზული პრობლემა გაქვს“.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG