კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დღეს დილით დედაქალაქის ცენტრალურ, შევჩენკოს რაიონზე შეტევა განხორციელდა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით.
კლიჩკოს ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გაუჩნდა არასაცხოვრებელ ობიექტს. ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და ექიმები მუშაობენ. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერ დაზუსტებული არ არის. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკიც აცხადებს, რომ შეტევა უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განხორციელდა.
„რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ მსგავსი ქმედებები აგონიას ჰგავს“, - წერს ერმაკი ტელეგრამ-არხზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა.
კიევის შევჩენკოს რაიონი იყო ერთ-ერთი სამიზნე 10 ოქტომბერსაც, როცა რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე - საცხოვრებელ სახლებსა და ენერგოობიექტებზე. 10 ოქტომბერს კიევში დაიღუპა 5 და დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაზიანდა 70-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის 45 საცხოვრებელი სახლი.