Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი "ცუდს" გვაძალებს თუ საჭიროა? - რას ცვლის გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი


გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე - პოსტზე მეორედ არჩევის დროს. 2020 წლის თებერვალი.
გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე - პოსტზე მეორედ არჩევის დროს. 2020 წლის თებერვალი.

„სიმახინჯე“, „მარაზმი“ - ასე ახასიათებს „ოცნება“ თავის მიერვე ინიცირებულ კანონპროექტს და მის მიღებას გამოუვალი მდგომარეობით ხსნის. გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკომისიის 12-პუნქტიანი სიიდან და აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ოპოზიციამ სხდომაზე გააპროტესტა საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებები, რომ, თითქოს, ევროკავშირი საქართველოს უვარგის, დამაზიანებელ ცვლილებას ახვევს თავს და ასეთ შეფასებებს კრემლისთვის მოსაწონი უწოდა.

კანონპროეტში გათვალისწინებულია სწორედ ის ნორმა, რომელსაც თავდაპირველად „შარლ მიშელის შეთანხმება“ ასახავდა და რომელზეც მმართველმა პარტიამ უარი თქვა 2021 წლის შემოდგომაზე. მაგრამ იგივე ვალდებულება, მოგვიანებით, არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში აისახა.

საკონსტიტუციო ცვლილება, პირველი მოსმენით, საქართველოს პარლამენტმა, 18 ოქტომბერს, 126 ხმით დაამტკიცა, ოპოზიციის რამდენიმე ათეული დეპუტატის მონაწილეობით.

რა იცვლება?

ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ვეღარ აირჩევს, თუკი მას, სულ მცირე, 90 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს (პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი).

  • თუკი გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ორჯერ ვერ მოაგროვებს 90 ხმას, მაშინ პარლამენტი, მესამე ცდაზე, გენერალურ პროკურორს (იმავე კანდიდატს) 76 ხმით აირჩევს;
  • 76 ხმით არჩევის შემთხვევაში, გენერალური პროკურორისთვის საქმიანობის ვადა იქნება მხოლოდ ერთი წელი;
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა 28-ე დღეზე ადრე ვერ გაიმართება.
ამჟამად მოქმედი ნორმის თანახმად, გენერალური პროკურორის 6 წლით არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობას (76 დეპუტატს) შეუძლია.

„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ ცვლილება არ შეეხება მოქმედ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომელსაც უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა 2026 წელს ამოეწურება. თუმცა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი საჭიროდ თვლის, რომ, „შესაძლო სპეკულაციების თავიდან აშორების მიზნით“, მეორე მოსმენამდე, ეს მოცემულობა კანონპროექტში უფრო მკაფიოდ აისახოს.

ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას (76 დეპუტატი) აღარ ფლობს და, 75 მანდატით, გენერალური პროკურორის არჩევას დამოუკიდებლად ვერც მესამე კენჭისყრის დროს შეძლებს. „ხალხის ძალაში“ გადასული 9 დეპუტატი მას სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.

კიდევ რა შეიძლება შეიცვალოს?

შესაძლებელია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებამდე, ტექსტში სხვა ცვლილებებიც შევიდეს.

მაგალითად, წამოაყენეს წინადადებები, რომ თუკი 6 წლით არჩევა ვერ მოხერხდება: პროკურორის საქმიანობის 1-წლიანი ვადა 2-3 წლამდე გაიზარდოს, ანდა შესაძლებელი იყოს, რომ ერთი და იგივე კანდიდატი პარლამენტმა აირჩოს რამდენიმეჯერ ზედიზედ, თითო წლის ვადით. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და მომხსენებელი, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ წარმოუდგენელია, 8 წლის განმავლობაში 8 სხვადასხვა კანდიდატის არჩევა.

დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია ფიქრობს, რომ ერთი წლით არჩეულ კანდიდატს კენჭისყრის საშუალება აღარ უნდა მიეცეს, რათა „უმრავლესობა და ოპოზიცია იძულებული გახდეს, რომ საბოლოოდ შეთანხმდნენ [კანდიდატის 6 წლით არჩევაზე]“.

კანონპროექტის ავტორებად მითითებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ანრი ოხანაშვილი. ინიცირების დოკუმენტს 80 დეპუტატი აწერს ხელს.

კენჭისყრამდე, საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში, გაიმართა ორი სხდომა - თბილისსა და ქუთაისში.

რა არ აკმაყოფილებს „ქართულ ოცნებას“ და „ხალხის ძალას“?

18 ოქტომბრის სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვისას, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები მიწასთან გაასწორეს, ძირითადად - „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა. იყო შეფასებები: „სიმახინჯე“, „მარაზმი“, „ხალხის უფლებებს არღვევს", , „ძალიან ცუდია“ და მრავალი სხვა.

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ კანონპროექტი, პირველ რიგში, ემუქრება გენერალური პროკურატურის დამოუკიდებლობას, ობიექტურობას და ამ ინსტიტუტის დასუსტების რისკებსაც შეიცავს. ასევე, აცხადებენ, რომ ეს ცვლილება არ შეესაბამება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას და ის "კარგი რომ იყოს, ბევრ ქვეყანაში იქნებოდა დანერგილი".

„დოკუმენტი მთლიანად არის შეუსაბამო სამართლებრივ პრინციპებთან და მმართველობის ლოგიკასთან... ჩვენი კრიტიკული განწყობა ძალაშია... თუმცა არის ასოცირების დღის წესრიგი, ევროკავშირის რეკომენდაციები - 12 პუნქტი და სწორედ იქ არის ასახული ეს რეკომენდაცია. იმისათვის, რომ ჩვენ არ შევაფერხოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროინტეგრაციის პროცესი, ამისათვის არის აუცილებელი ამ კანონპროექტის მიღება“, - ამბობს ირაკლი კობახიძე და დასძენს, რომ პროკურატურის დასუსტება „შესაძლოა პირდაპირ აისახოს ადამიანების მდგომარეობაზე, ხალხის უფლებებზე“.

ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი, დეპუტატი სოზარ სუბარი ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ, პირობების შესრულების მიუხედავად, საქართველოს ევროკავშირი მაინც არ მისცემს კანდიდატის სტატუსს.

„რატომ ვაკეთებთ ამას?! გარწმუნებთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ეს არ დააჩქარებს და მაინც უარს გვეტყვიან, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული... ერთადერთი ლოგიკა შეიძლება იყოს, რომ როდესაც უარს გვეტყვიან, სათქმელად არავის ჰქონდეს, რომ რაღაც არ გააკეთა საქართველომ“, - თქვა სუბარმა პარლამენტის სხდომაზე.

"ქართულმა ოცნებამ" იდენტური ცვლილება 2021 წლის ივნისშიც დაგეგმა და საკონსტიტუციო კანონპროექტშიც ჩადო, „შარლ მიშელის შეთანხმების“ (2021 წლის 19 აპრილს) გაფორმების შემდეგ. მაგრამ იმავე წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის არჩევის წესი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტიდან ამოიღო.

მიზედად იმის დასახელებით, რომ „შარლ მიშელის შეთანხმებისთვის“ ხელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოწერილი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“, 2021 წლის ივლისში „ქართული ოცნება“ გაემიჯნა ამ დოკუმენტს და გენერალური პროკურორის საკითხიც ღიად დარჩა.
საერთაშორისო პარტნიორებმა შეუსრულებელი დაპირება გაიხსენეს როგორც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების #3 პუნქტში, ასევე „ევროკავშირი-საქართველოს 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში“.

რა პოზიცია აქვს ოპოზიციას?

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გენერალური პროკურატურის არჩევის ახალი წესი აუცილებელია გენერალური პროკურორის ინსტუტუტის დეპოლიტიზებისთვის და უმრავლესობა ვერ უნდა ახერხებდეს ამ პოსტზე თავისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას, საპარლამენტო სუბიექტებს შორის კონსესუსის გარეშე.

2021 წლის სექტემბერში, როდესაც "ოცნებამ" უარი თქვა გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერდა, რომ "პროგრესული ცვლილებების უარყოფითა და არსებული წესის ძალაში დატოვებით, "ქართული ოცნება" მართლმსაჯულების სისტემაზე სრული კონტროლის შენარჩუნებას" ცდილობდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "პროკურატურის სწორი და მიუკერძოებელი მუშაობის გარეშე, საქმე სასამართლომდე ვერც კი მივა“. „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ, ამ კონტექსტში, სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ზიანზეც ილაპარაკა; თუმცა „ოცნებიდან“ უთხრეს, რომ არაფორმალური მმართველობა ფაქტებით არ დასტურდება.

განხილვების პროცესში ოპოზიციის კიდევ ერთი მთავარი პრეტენზია ანტიდასავლური განწყობების წახალისებას უკავშირდება და კერძოდ იმის თქმით, რომ, თითქოს, ევროკავშირი საქართველოში ცუდი, დამაზიანებელი კანონის დანერგვას ცდილობს, რომელსაც სახელმწიფოს დასუსტება შეუძლია.

„ყველაზე მეტად თუ რამე გაუხარდება დაუძინებელ მტერსა და აგრესორს - კრემლს - ეს არის ევროკავშირის მოთხოვნებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტში მოთქმა და გოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, კონსტიტუციას, სამართალსა და სამართლიანობას“, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი.

„მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა წინასწარვე თქვა, რომ კანონპროექტით უკმაყოფილოა, მხარს არ დაუჭერს და საერთოდ, შექმნილი სიტუაცია, თავისი აბსურდულობით, ქართულ ფილმს - „ცისფერ მთებს“ აგონებს.

როგორ განაწილდა ხმები?

საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციამ:

  • „ქართული ოცნება“ - სულ 75 დეპუტატიდან ესწრებოდა 70; მხარი დაუჭირა - 70-მა;
  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 28 დეპუტატიდან ესწრებოდა 23; მხარი დაუჭირა - 23-მა;
  • „ევროპელი სოციალისტები“ – 4 დეპუტატიდან ესწრებოდა 4; მხარი დაუჭირა - 4-მა;
  • „ლელო“ – 2 დეპუტატიდან ესწრებოდა 2 ; მხარი დაუჭირა -2-მა;
  • „რეფორმების ჯგუფი“ – 5 დეპუტატიდან ესწრებოდა 4, მხარი დაუჭირა - 3-მა, არ მონაწილეობდა - 1; (აქ შედის „სტრატეგია აღმაშენებელი“)
  • „გირჩი“ – 4 დეპუტატიდან ესწრებოდა 3; მხარი დაუჭირა - 3-მა;
  • „მოქალაქეები“ – 2 დეპუტატიდან არ ესწრებოდა 2;
  • უფრაქციო დეპუტატები - 23-დან ესწრებოდა 21; მხარი დაუჭირა - 21-მა (აქ შედის „ხალხის ძალის“ 9 დეპუტატი);

"ხალხის ძალის" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს.

კენჭისყრის შემდეგ ოპოზიციიდან დაისვა შეკითხვა - ჩაითვლება თუ არა კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობა დეპოლარიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯად? მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, კობახიძემ უპასუხა, რომ არ ჩაითვლება.

10 წელი -5 გენერალური პროკურორი

„ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის პერიოდში, საქართველოში მთავარი/გენერალური პროკურორი 6-ჯერ გამოიცვალა და მათ შორის - პოსტზე ორჯერ ერთი და იგივე პირი მოხვდა.

  • ირაკლი შოთაძე - 2020 წლის თებერვალში, პარლამენტმა გენერალური პროკურორად აირჩია 6 წლის ვადით. მანამდე, 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე, ის - საქართველოს მთავარი პროკურორი იყო და გადადგა „ხორავას ქუჩის საქმესთან“ დაკავშირებული სახალხო მღლვარების ფონზე. 2020 წელს შოთაძემ განაცხადა, რომ, პოსტზე მუშაობისას, “შემთხვევით” მოხვდა ბიზნესმენებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე, ივანიშვილის ბიზნესცენტრში. ეს ინფორმაცია მამუკა ხაზარაძემ გაახმაურა.
  • შალვა თადუმაძე - 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი, ვიდრე ამ პოსტზე კვლავ შოთაძე დაბრუნდებოდა. ამჟამად თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა. წარსულში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
  • გიორგი ბადაშვილი - 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს. ის მაშინ ირაკლი შოთაძემ შეცვლა.
  • ოთარ ფარცხალაძე - ყველაზე ხანმოკლე დროით იყო პოსტზე: 2013 წლის ნოემბერდან - 2013 წლის 30 დეკემბერამდე. მისი სახელი არაერთ სკანდალურ ამბავს უკავშირდება;
  • არჩილ კბილაშვილი - მთავარი პროკურორი იყო 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე. "ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა... ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა გავუწიო იმ ამოცანების შესრულებაში, რასაც იგი საზოგადო მოღვაწეობისას განახორციელებს“, - თქვა კბილაშვილმა გადადგომისას.

გენერალურ პროკურორს გასულ წლებში, გარკვეული პერიოდით, მთავარი პროკურორი ერქვა.

კონსტიტუციური კანონის პროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ, წინასწარი გეგმით, პარლამენტმა 29 ნოემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG