ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რიტორიკა იმაზე მიუთითებს, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებით და ინარჩუნებს ომის გაგრძელების მაქსიმალისტურ მიზნებს.
ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ პუტინის განცხადებაზე, რომლითაც მან 26 ოქტომბერს მიმართა დსთ-ს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებს. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინამ „სუვერენიტეტი დაკარგა“ და აშშ უკრაინას იყენებს „ტარანად“ რუსეთის, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს, ბელარუსის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და დსთ-ს წინააღმდეგ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით, პუტინის ნარატივი გააძლიერა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც განაცხადა, რომ „უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოდ არსებობის უნარი“, „ნატოს მიერ ოკუპირებულია“ და „აშშ-ის კოლონიად იქცა“.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, მსგავსი ფორმულირებები შეუთავსებელია ცეცხლის შეწყვეტის მიზნით თანასწორუფლებიან მოლაპარაკებასთან და მით უმეტეს, რუსეთის მიერ დაწყებული კონფლიქტის გადაწყვეტასთან და პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი ისევ მიისწრაფვის უკრაინასთან ომში გამარჯვებისა და ხელისუფლების შეცვლისკენ, რაც, მისი ჩანაფიქრით, უკრაინას დასავლეთიდან რუსეთისკენ მიაბრუნებს.