Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეოლიგარქიზაცია


ავტორი: ამირან კაპანაძე

თავად ტერმინი ოლიგარქია თავის თავში გულისხმობს ადამიანების მცირე ჯგუფს რომელიც ექსკლუზიური უფლებებით სარგებლობს და მათ ხელშია ერთდროულად პოლიტიკური და ეკონომიკური ეკო სისტემა. შესაბამისად, ამ მცირე ჯგუფს აქვს წვდომა მთელი ქვეყნის ყველა რესურსზე და მათი მორევა ფინანსებით თითქმის შეუძლებელია. მანამდე მათ ძალაუფლებას ავტოკრატია ანეიტრალებდა, რადგან საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ თანამედროვე კეისარს საკმარისი სოციალური კაპიტალი ჰქონდა მათთან გასამკლავებლად და ისინიც უბრალოდ მსხვილ ეკონომიკურ აქტორებად გვევლინებოდნენ ტირანის გემოვნების დასაკმაყოფილებლად.

ალბათ ყველაზე საინტერესოა ეს ოლიგარქები საერთოდ როგორ გაჩნდნენ და რა პროცესებმა შეუწყო ხელი მათ აღზევებას?

დავიწყოთ იმით, რომ ისინი ნამდვილი მარქსისტული სახელმძღვანელოს ბურჟუები არიან, რადგან ისტორია კიდევ ერთხელ განმეორდა და ადამიანები გლეხობიდან გაათავისუფლა ეკონომიკური აქტივების გარეშე. შეგახსენებთ რომ ბურჟუები ყოფილი ფეოდალები იყვნენ, რომლებმაც ფორმალურად უბოძეს თავისუფლება დაბალ კასტას, ისე რომ ქონება საერთოდ არ უწილადეს და ეს უკანასკნელნი სრულიად უქონელნი კიდევ უფრო უარეს პირობებზე იყვნენ მზად თუ ბატონი უკან შეიფარებდა.

ანუ მარტივად რომ ვთქვათ გუშინდელი კომუნისტური ნომენკლატურის მაღალი იერარქია, რომლებიც დღემდე ფლობენ ექსკლუზიურ უფლებას მთელი ქვეყნის ქონებაზე, სწორედ ის თანამედროვე ბურჟუები არიან, დღეს რომ ოლიგარქებს ვუწოდებთ. სხვა საკითხია, რომ ერთხელ უკვე წარმატებით გააბითურეს ქართველი ხალხი და დააჯერეს, რომ თუ ოლიგარქებს მოვსპობდით ავტომატურად პრობლემაც აღმოიფხვრებოდა, მაგრამ საგნობრივ მსჯელობას როცა პიროვნულით ანაცვლებ - სწორედ მანდ იკარგება ჭეშმარიტება. საგნობრივ მსჯელობას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა ის კი არაა რომ ერთეულები გამდიდრდნენ - არამედ ის რომ ყველას არ გვაქვს თანაბარი შანსი რომ მდიდრები ვიყოთ. ამგვარად პრობლემა ამ დოვლათზე ექსკლუზიური უფლების ქონაა, რაც განაპირობებს ოლიგარქიის აღმოცენებას და აყვავებას. ახლა როცა მისი წყარო ვიცით შეგვიძლია მივხვდეთ იმას, რომ ტრიუმვირატს როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოეთიშა დარჩა ოლიგარქია და ძალოვნები ექსკლუზიური განკარგვის სფეროში.

ახლა ალბათ იტყვით, კი მაგრამ პრემიერის ინსტიტუტმა ხომ გაინაწილა ჩვენი თანამედროვე კეისრის ფუნქციები და რაღატომ გამოეთიშა თამაშს?! პასუხი ამაზე მარტივია: პრემიერს არავინ ირჩევს პირდაპირი წესით, ანუ კონკრეტული პიროვნება არ ფლობს საკმარის პოლიტიკურ კაპიტალს, იმისთვის რომ იყოს რეალური დამაბალანსებელი. და უფრო მეტიც ოლიგარქია წარმატებით იყენებს აზრთა სხვადასხვაობას საკანონმდებლო ორგანოში, რათა მისგან სრულიად უუნარო ბიუროკრატიული აპარატი შექმნას, რომელიც მუდმივი დაქსაქსვის პირობებში ვერასდროს მივა კონსენსუსამდე. თუ კარგად დავაკვირდებით, არაფორმალური მმართველი მუდმივად ეწევა ფორმალური ხელისუფლების შტოების ინსტიტუციური მექანიზმების მოშლას, რათა ძალაუფლებამ სულ უფრო დიდი დოზით გადაინაცვლოს ჩრდილში. რისთვისაც საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე დეზინფორმაციული არხის მუშაობა და ოპონენტების მუდმივი ყურადღების ცენტრში დარჩენა. თუ დავაკვირდებით ოპოზიციური პოლიტიკოსებიც და მათზე მომუშავე მედია საშუალებებიც მუდმივად იმას უსვამდნენ ხაზს, რომ ყველა სადავე არაფორმალური მმართველის ხელში იყო და ამით დიდ კომფორტს უქმნიდნენ ფორმალურ ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევაში. მაგრამ, პოლიტიკურ სპექტრს ავიწყდება ის ფაქტი, რომ მათ ოლიგარქიის საპირწონე და გამანეიტრალებელი სოციალური კაპიტალი გაუშვეს ხელიდან იმით, რომ კეისრის ეპიკურ დაბრუნებაზე დადეს ფსონი. ახლა ყოფილი მმართველი გუნდი ფაქტობრივად ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ ბელადის გარეშე ვერც თვითონ დგამენ რაიმე გადამწყვეტ ნაბიჯს და არ ძალუძთ სოციალური კაპიტალის მობილიზება იდეების გარშემო. ახლა მესიანიზმის აპოლოგეტები ისევ ავტოკრატს ეძებენ რათა ოლიგარქიას მოერიონ, იმის ნაცვლად რომ განვითარების გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგან და ოლიგარქიაც გაანეიტრალონ ელიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე, ლიბერალურ დემოკრატიას რომ ეძახიან დღევანდელობაში.

როგორც უკვე მივხვდით მთავარი პრობლემა ექსკლუზიური დაშვებაა ამ ქვეყნის რესურსებზე, ხოლო მისი საპირისპირო საყოველთაო ხელმისაწვდომობაა. ანუ, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვაღიაროთ საქართველოს მოქალაქის უფლება ფლობდეს და განკარგავდეს ამ ქვეყნის სიმდიდრეებიდან თავის წილს, ამავდროულად მისი საკუთრება იყოს ხელშეუხებელი, რაც თავის თავში გულისხმობს გამართულ სასამართლო სისტემას. შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ამ ქონებას ის ვერასდროს შეისყიდის თავისი შრომით ნაშოვნი ფულით, რადგან დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული კაპიტალი არის სწორედ ის დისბალანსი რომელიც უთანასწორობაში ამყოფებს მორიგ მოქალაქეს ოლიგარქებთან. „უფასო პრივატიზაცია“ არის სწორედ ის წამალი, რომელმაც დღეს გლეხებისგან მოქალაქეები უნდა შექმნას და მოწყვლადი ჯგუფების მიხედვა თავად შეეძლოს იმის ნაცვლად, რომ მოწყალებას ელოდებოდეს მორიგი მთავრობისგან წინასაარჩევნოდ. თუ მათში უკიდურესად მდიდარი ადამიანი გამოერევა ალბათ იმიტომ, რომ რაღაცას შექმნის ისეთს რომელიც მასობრივი მოხმარების იქნება და მომხმარებლებიც ხალისით გადაიხდიან მასში ფულს.

დღეს ცივილიზებულ სამყაროს ბევრი ჰყავს ცნობილი მილიარდერი, რომელთაც ოლიგარქებს არ ვეძახით, მიუხედავად იმისა რომ თავიანთ ინტერესებს იცავენ ლობისტების საშუალებით და მათ გადაწყვეტილებებს ბევრად მეტი ადამიანისთვის შეუძლია სიკეთის, ან ბოროტების მოტანა. მაგალითად ვიცით რომ ბილ გეიტსმა მაიკროსოფტით იშოვა ფული, ილონ მასკმა ტესლათი და სფეის იქსით. ალბათ ადვილად შესამჩნევია, რომ პოსტ საბჭოთა ოლიგარქებს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ, ისინი უბრალოდ ავტორიტარული ვერტიკალის დანამატნი არიან. მათი მთავარი ფუნქციაა, რომ განუსაზღვრელი ქონება ყველაზე მყიფე ფორმებით ნედლეულად გააქციონ ქვეყნიდან და ამაში აღებული ფულით ძალაუფლების შენარჩუნება დააფინანსონ.

რაც შეეხება საჭირო სოციალურ კაპიტალს - ის ინტერესთა ჯგუფების მდგრადობაზე და მათი ინტერესების სიცხადეზეა დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიების ძიებაზე უნდა ავიღოთ ხელი. ხოლო, განვითარება იდეების და ღირებულებების გარშემო გაერთიანებაში დავინახოთ და შევქმნათ სამოქალაქო კონსოლიდაციის გარდამტეხი პრეცედენტი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG