Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ


ნიკა გვარამია, სააპელაციო სასამართლო, 2 ნოემბერი, 2022 წ.
ნიკა გვარამია, სააპელაციო სასამართლო, 2 ნოემბერი, 2022 წ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია საპატიმროში დატოვა.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სასჯელის ზომად, საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დარბაზში შეკრებილებმა მოსამართლეს მიმართეს სიტყვით - "მონა".

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა) მუხლის "ა", "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდა სს კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით და ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 220-ე მუხლით - ორ ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, 2015 წლის ეპიზოდში დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და ექვსი თვის ვადით.

3 წელი და ექვსი თვე განუსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკა გვარამიას 2019 წლის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდშიც:

"სს კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით", - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს პირველ ინსტანციას ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა და საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.

ხოლო 2019 წლის ეპიზოდზე, ავტომობილის საქმეზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას მანქანის ნაწილში სასჯელად კვლავ დაუტოვა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით, თუმცა, 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, მას ასევე მიუსაჯა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვის ვადით,

სასამართლო კოლეგიის განცხადებით, სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყო 2022 წლის 16 მაისიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენზე - ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG