Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ განმარტავს მოსამართლე ნიკა გვარამიას განაჩენს - დეტალები დასაბუთებიდან


ნიკა გვარამია მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ. 16 მაისი, 2022 წ.
ნიკა გვარამია მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ. 16 მაისი, 2022 წ.

გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებას ნიკა გვარამიას ადვოკატები მესამე დღეა დეტალურად სწავლობენ. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 142-გვერდიან დოკუმენტში არა მხოლოდ საქმის დეტალებსა და დანაშაულის მოტივებს ეხება, არამედ მის და სასამართლო სისტემის მიმართ ბრალდებებსაც პასუხობს.

დოკუმენტი რადიო თავისუფლებამაც შეისწავლა.

როგორ დაასაბუთა მოსამართლემ 7 მილიონამდე ზიანის ეპიზოდი?


პირველი ბრალი, რაშიც ნიკა გვარამია (სსკ-ის 220-ე - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ ცნო და 50 ათასი ლარით დააჯარიმა, 2015 წლის სარეკლამო შესყიდვებს ეხება, კერძოდ იმას, რომ, როგორც დოკუმენტშია აღწერილი, „რუსთავი 2“-მა „ინტერ მედია პლუსიდან“ სარეკლამო დროის სანაცვლოდ, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 6 763 509 ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

მოსამართლემ განაჩენის დასაბუთებაში დაწერა, რომ ნიკა გვარამიამ და კახა დამენიამ განზრახ ჩაიდინეს კომპანიის ინტერესების საზიანო დანაშაული და ამის მოტივად პირდაპირ მიუთითა„ რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისთვის ფინანსურად დაზიანებული კომპანიის დახვედრება:

„სხვა შემთხვევაში კომპანიის მენეჯმენტი, როგორც 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში ახერხებდა შემოსავლების დაახლოებით 90-95%-ის აკუმულირებას რუსთავი 2-ის სასარგებლოდ, ასევე წარმატებით შეძლებდნენ გამოეყენებინათ იგივე ცოდნა-გამოცდილება ბოლო კვარტალშიც და მიზანმიმართულად და დაუსაბუთებლად არ შეამცირებდნენ რუსთავი 2-ის შემოსავლებს მათი ნდობით აღჭურვილი პირების კომპანიის სასარგებლოდ. რომ არა მათი რეალური განზრახვა, რუსთავი 2-ის ახალი მფლობელისათვის დაეხვედრებინათ ფინანსურად დაზიანებული კომპანია, რითაც საბოლოო ჯამში რუსთავი 2 მიიღებდა დამატებით რამდენიმე მილიონი ლარით მეტ შემოსავალს. შესაბამისად, მათი ე.წ. კრიზისის მენეჯმენტი რეალურად ემსახურებოდა არა კომპანიის “რისკებს”, არამედ საკუთარი თანამდებობრივი პოზიციის და “ინტერ მედია პლუსის ინტერესების” დაზღვევას“.

“Porsche Macan S”-ის ეპიზოდი

ბრალდების ამ ნაწილში მოსამართლე ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა მიიღეს ძვირადღირებული ავტომობილი, ხოლო ტელეკომპანიამ 66 271 ლარი იზარალა.

კერძოდ, განაჩენის დასაბუთებაში წერია, რომ ნიკა გვარამიამ Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროისა და სამომავლოდ, რეკლამის შეღავათიან ფასში განთავსების სანაცვლოდ მიიღო.

მოსამართლე, განაჩენის აღწერისას, ახსენებს „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მფლობელის გიორგი ყარამანიშვილის შეფასებასაც, რომ მასთან ეს საკითხი არ შეთანხმებულა, თუმცა ამის საჭიროება არც ყოფილა - ნიკა გვარამიას შეეძლო გამოეწერა პრემია და ისეც მიეღო ავტომობილი.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

მოსამართლე განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას „რა თქმა უნდა, შეეძლო [კანონიერად ავტომობილის მიღება], თუმცა მან კომპანიის საზიანო დანაშაულებრივი სქემა შეარჩია“, სხვა კომპანიის, „პროესკო მედიის“ მეშვეობით, სარეკლამო ბარტერის გაკეთებით.
მოსამართლემ „პროესკო მედია“ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიასთან დაკავშირებულ კომპანიად მიიჩნია და მათი კავშირები განაჩენში აღწერა.

„სქემა მოფიქრებული და რეალიზებული იყო ერთი მიზნით და ემსახურებოდა კომპანია რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის ხარჯზე “პროესკო მედიასთვის” ავტომობილის ღირებულების კომპენსირებას. კერძოდ, თეგეტა მოტორსი 1 სარეიტინგო პუნქტში პროესკო მედიას უხდიდა 110 ლარს, წესით პროესკო მედიასაც 110 ლარი უნდა გადაეხადა ინტერ მედიასთვის, ხოლო გაყიდვების სახლს რუსთავი 2-სთვის უნდა გადაერიცხა 110 ლარის 88% - 96,8 ლარი.

ამის ნაცვლად, თეგეტა მოტორსი 1 სარეიტინგო პუნქტში პროექსკო მედიას უხდიდა 110 ლარს, პროესკო მედია ინტერ მედიას უხდიდა 35 ლარს, ხოლო ეს უკანასკნელი რუსთავი 2-ს უხდიდა მხოლოდ 35 ლარის 88%-ს - 30,8 ლარს.

ამდენად, ნიკა გვარამია იღებს მანქანას, პროესკო მედია იღებს ფინანსურ სარგებელს, თეგეტა მოტორსი იღებს დაგეგმილ სარეიტინგო პუნქტებს, ინტერ მედია იღებს საკომისიოს და ეს ყველაფერი ხდება რუსთავი 2-ის საზიანოდ, მისივე საეთერო ბადის და სარეკლამო დროის გამოყენებით“.

დიმიტრი საძაგლიშვილი
დიმიტრი საძაგლიშვილი

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მოსამართლის ამ დასაბუთებას „სრულიად აბსურდულ“ მსჯელობას უწოდებს:

„ეს ეხება ეპიზოდს, რომელზეც პატიმრობა გამოიყენეს. ერთი მხრივ, იქ ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლად, ლეგალურად შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ დანაშაულებრივი სქემა მოიფიქრა. ისე გამოვიდა, თურმე ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, მაგრამ სპეციალურად მოიფიქრა დანაშაულებრივი სქემა, რომ ციხეში მოხვედრილიყო, ანუ სრული აბსურდია“.

„აქ მთავარია ის, რასაც პროკურატურა ედავებოდა, რამდენად დასაბუთდა და რამდენად იყო [საკმარისი] მტკიცებულებები“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ვანო ჩიტაშვილი და განმარტავს, რომ მოსამართლემ დაუშვა - თუ პრემიას გამოიწერდა ნიკა გვარამია, და მანქანას თავის სახელზე იყიდდა, დანაშაული არ იქნებოდა, მაგრამ ამ [მოსამართლის აღწერილი] გზით, მანქანის ეპიზოდი დანაშაულად შეირაცხა.

როგორ განისაზღვრა სასჯელები?



ნიკა გვარამიას, კომპანიისთვის 7 მილიონამდე ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა - 50 000 ლარი დააკისრეს (ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდისთვის), 66 271 ლარის ოდენობის ზიანისთვის კი 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

პირველ ნაწილში, სადაც მოსამართლე მილიონობით ლარის ზიანზე საუბრობს, იქვე განმარტავს, რომ ამის პროპორციული ჯარიმა კი არ განუსაზღვრა, არამედ გაითვალისწინა „დანაშაულის სიმძიმე და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობა“.

„მიუხედავად კომპანიისთვის მიყენებული რამდენიმე მილიონიანი ზიანისა, რომელიც არ არის ანაზღაურებული, ჯარიმის ოდენობაც ამ პროპორციით არ უნდა იყოს შეფასებული, არამედ, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებებით“.

რაც შეეხება ავტომანქანის შემთხვევას, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სხვა, ნაკლებად მძიმე სასჯელის გამოყენება, რადგან ეს ეპიზოდი, მოსამართლის განმარტებით, „უფრო რთული დანაშაულებრივი სქემით“ გამოირჩევა:

„მიზანი იყო კომპანიის ხარჯზე უკანონოდ პირადი მატერიალური სარგებლის მიღება, სახეზეა კიდევ ახალი დანაშაულის ჩადენა, ამ შემთხვევაში ვერც ჯარიმის (ვინაიდან ბრალდებული დეკლარირებულად აცხადებს, რომ არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის) ვერც გამასწორებელი სამუშაოს (არ არსებობს ამის აღსრულების მექანიზმი) და ვერც შინაპატიმრობის (ვინაიდან არ იქნება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი დაზღვეული) გამოყენებით იქნება უზრუნველყოფილი დანაშაულის პრევენციისა და სასჯელის მიზნები“.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ახალი დანაშაულის ჩადენაზე დასკვნის გასაკეთებლად არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, რადგან ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-თან არანაირი კავშირი აღარ აქვს.

„აბსურდია სასჯელის დასაბუთების ნაწილი. ვინაიდან ესაა ნაკლებად მძიმე დანაშაული და პატიმრობის გარდა ითვალისწინებს სხვა ტიპის სანქციებსაც - გამასწორებელი სამუშაოს მხრივ მოსამართლემ თქვა, რომ აქ აღსრულების მექანიზმი არ იყოო, ამიტომ შინაპატიმრობაც რომ გამოვიყენო, შეიძლება კვლავ ჩაიდინოს დანაშაულიო და ამიტომ უნდა გამოვიყენო პატიმრობაო, რაც აბსურდია, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნიკას არანაირი კავშირი აღარ აქვს “რუსთავი 2”-თან და არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ამ დასკვნის გაკეთების“, - ამბობს ის.


განაჩენში სასჯელის განსაზღვრის ნაწილის დასაბუთების ნაკლოვანებებზე საუბრობს იურისტი ვანო ჩიტაშვილიც. მისთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა - როცა დანაშაული ნაკლებად მკაცრ სასჯელებსაც ითვალისწინებს, მაინც რატომ მიესაჯა ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა?

  • „მოსამართლე ამბობს, რომ რადგან გვარამიამ დეკლარირებულად განაცხადა ჯარიმის არგადახდაზე, ამიტომ არ შეუფარდებდა, თუმცა ეს ეწინააღმდეგება მისივე გადაწყვეტილებას, რომ პირველ ეპიზოდში [50 000-ლარიანი] ჯარიმა შეუფარდა. გამოდის, რომ ეს იყო ფარსი, ფორმალობა, რაც, საბოლოო ჯამში, შთანთქა პატიმრობამ. არ შეიძლება ასე. ყველა ქმედებაზე სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური;
  • გამასწორებელ სამუშაოზე მოსამართლე აცხადებს, რომ მისი აღსრულების ბერკეტი არ არსებობსო. გამასწორებელი სამუშაო ხშირად არ გამოიყენება, მაგრამ ის, რომ პრაქტიკაში არ გამოიყენება, ეს ნიშნავს, რომ ეს სასჯელი საერთოდ არაა საჭირო;
  • შინაპატიმრობაზე მოსამართლე მიუთითებს, რომ ახალი დანაშაულის რისკიაო. საინტერესოა, რომელ დანაშაულზეა საუბარი? თუ საუბარია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ ქმედებაზე, დირექტორი აღარაა დღეს გვარამია. თუ ზოგადად სხვა დანაშაულებებზეა საუბარი, ჰიპოთეტური რისკი, რომ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყოველთვის არსებობს“.

როგორ უპასუხა მოსამართლემ კრიტიკას?


„როგორც ინსტიტუცია სასამართლო აპოლიტიკური ორგანიზაციაა და კანონისმიერადაც შეზღუდულია რაიმე ტიპის პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით“, - წერს მოსამართლე განაჩენის დასაბუთებაში პროცესებზე დაფიქსირებული დაცვის მოსაზრების საპასუხოდ.

ამას გარდა, მოსამართლე აღნიშნავს - მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული ბრალდებული სატელევიზიო არხის მფლობელი და მენეჯერია, „ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ რეალურად დანაშაულის ჩადენის პირობებშიც კი სახეზეა მხოლოდ პოლიტიკური დევნა“.

მოსამართლემ უპასუხა მისი აცილების მოთხოვნასაც. სასამართლო პროცესების მსვლელობისას, ადვოკატებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილება იმ მიზეზით მოითხოვეს, რომ ბრალდების ერთ-ერთი მოწმე „დაინტერესებული პირი“ და, ამავე დროს, მოსამართლის მეგობარია. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მოწმე ზაზა გველესიანი იმ მედიაჰოლდინგის დირექტორია, რომელიც „რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო და მართვის უფლებებს ფლობს.

განაჩენის დასაბუთებაში წერია, რომ [მოსამართლის მეგობარ] მოწმეს არც პირდაპირი და არც ირიბი შეხება არ ჰქონია იმ ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც შესაძლოა კავშირში იყოს ბრალდებასთან. არამედ, მან მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთადერთ საგამოძიებო მოქმედებაში - ამოღებაში.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ ზაზა გველესიანი „რუსთავი 2“-დან დოკუმენტების ამოღებაში მონაწილეობდა, გამოკითხული არ ყოფილა და მოწმეთა სიიდან ამოიღო მოსამართლემ. როგორც ის ამბობს, იგი უნდა აეცილებინათ არა იმიტომ, რომ ამოღების ოქმს მოაწერა ხელი, არამედ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება მის ინტერესში იყო.

„მოსამართლის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია. აცილების დროს ის კი არაა მთავარი, შეხება გაქვს თუ არა ფაქტობრივ გარემოებებთან, არამედ მოსამართლის გადაწყვეტილებას შენზე ექნება თუ არა გავლენა”.

უნდა შეფასებულიყო თუ არა ქმედება კორპორაციულ სამართლებრივ ჭრილში?

გვარამიას დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ქმედება [7 მილიონამდე ზიანის საქმეში - 2015 წლის ეპიზოდი] კორპორაციულ ჭრილში უნდა შეფასებულიყო და არ უნდა განეხილათ სისხლისსამართლებრივად. იმავე აზრზეა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელმაც გასული წლის მარტში ამ თემაზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაც წარადგინა.

მათ დოკუმენტში წერია, რომ კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს, მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები და მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება წარმატებული არ აღმოჩნდა.

„როცა მენეჯერი იღებს გადაწყვეტილებას, იგი თავისუფალია. მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედოს. როდესაც ერთ მხარეს გადაწყვეტილების მიღების მიზეზად გვარამია აცხადებს, რომ წილები დაუყადაღეს, არ ჰქონდათ სარეკლამო ბაზარი, პლუს იყო რისკები, რომ ზიანი მიეღო სარეკლამო ბაზარს.

ამის საპირისპიროდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტი, რაც დაადასტურებდა გვარამიას წინასწარ განზრახულობას, რომ მას უნდოდა, განზრახ მიეყენებინა კომპანიისთვის ზიანი“
, - ამბობს იურისტი ვანო ჩიტაშვილი.

მოსამართლე განაჩენის დასაბუთებისას მათ პოზიციას პასუხობს, რომ სადავო ხელშეკრულება უნდა განიხილონ, როგორც დანაშაულის ჩადენის საშუალება, ეს საქმე კი მხოლოდ კორპორაციული სამართლის ჭრილში არ უნდა შეაფასონ, რადგან ბრალდებულებმა „განზრახი“ დანაშაული ჩაიდინეს.

მოსამართლის მსჯელობით, მნიშვნელოვანია, საქმის ყველა გარემოება ერთობლიობაში შეფასდეს და არა ცალკე ბრალდებულების განმარტება, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამასთან, ის უთითებს, რომ როგორც ნიკა გვარამიას, ასევე კახა დამენიას ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, თითქოს მათ, რეალურად, არ ჰქონდათ გააზრებული, რა ქმედებას სჩადიოდნენ, „არასარწმუნო და არადამაჯერებელია“:

„სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას მიერ ჩადენილია განზრახი დანაშაულებრივი ქმედება, რაც მიმართული იყო კომპანიის ინტერესების საზიანოდ“.

ნიკა გვარამიას დაცვის მხარე სარჩელს ამზადებს სააპელაციო სასამართლოსთვის. მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ბრალდების მხარეც.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG