Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარგია ადამიანი?!


ავტორი: ინგა ღოღობერიძე

ბავშვობის პერიოდი არც ისე კარგად მახსოვს. მშვიდი ბავშვობა მქონდა, არც განსაკუთრებულად კარგი და არც განსაკუთრებულად ცუდი. მეხსიერება კი ხომ იცით, როგორია? მხოლოდ მძაფრ ემოციებს იჭერს და ინახავს.

ალბათ ამიტომაა, რომ მხოლოდ ეს ორი რაღაც არის, რაც არასდროს ამომდის გონებიდან: ერთი - მეზობლის ატირებული სახე, რომელსაც ყურიდან სისხლი მოსდიოდა. უფრო სწორად, ბიბილოდან. კიდევ უფრო სწორად, იმ ადგილიდან, სადაც ყურის ბიბილო უნდა ყოფილიყო. მახსოვს საყურე, რომელიც თითქმის ჩამოგლეჯილ ბიბილოზე საცოდავად იყო დაკიდებული. მახსოვს დედაჩემის აღელვებული სახე და კადრი, როცა ამ ქალს ჩვენს მისაღებ ოთახში ცხელ წყალში ფეხები ჰქონდა ჩაწყობილი. მასზე იძალადეს. მაშინ მე არ ვიცოდი, რომ ადამიანები ამას ბუნებრივ მოვლენად აღიქვამდნენ.

არ მახსოვს ამ ფაქტამდე მოხდა თუ მას შემდეგ მეორე ამბავი, რომლის ვიზუალურ მხარეზე მეტად, ჟღერადობა მახსოვს: დარტყმის ძლიერი ხმა. უფრო ზუსტად რომ წარმოიდგინოთ, თავში ტაფის ძლიერი ჩარტყმის ხმა და შემდეგ აბსურდული სიჩუმე. ამჯერად სხვა მეზობელთან ვიყავით, უფროსები ,,ქეიფობდნენ“. აქაც ქალზე იძალადეს. და არც მაშინ ვიცოდი, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა იყო.

კვლევას ვკითხულობდი, სადაც ედმუნდ ბერკის ფრაზას გადავაწყდი: ,,ბოროტების ტრიუმფისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო: რომ კარგმა ადამიანმა არაფერი გააკეთოს“.

მაშინაც მეგონა და დღესაც მგონია, რომ ჩემი მშობლები კარგი ადამიანები არიან. რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთზე არ ძალადობენ, არც არავისზე ძალადობენ. წუწუნით და ზმუილით, მაგრამ მაინც დადიან არჩევნებზე. არავის არაფერს ჰპარავენ და არც სხვის უბედურებაზე აწყობენ თავიანთ ბედნიერებას. ეგ კი არა, იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ქართველს სახლიდან არ გააგდებენ იმის გამო, რომ რუსს ბინა ორჯერ ძვირად მიაქირაონ.

მაგრამ მაინც, ბავშვობის იმ ამბებიდან ყველაზე კარგად იცით რა მახსოვს? მამაჩემი, რომელიც მოძალადესთან ერთად ღვინოს სვამდა და ,,მანდილოსნების“ სადღეგრძელოზე ჭიქას უჭახუნებდა. დღესაც უჭახუნებს. მე კი იმ ადამიანის დანახვაზე ოცდაორი წლის მერეც მარტო ტაფა მახსენდება.

მახსოვს დედაჩემი იმ ამბებიდან, რომელიც მოძალადეს ყავას უკეთებდა და ნამცხვრებით უმასპინძლდებოდა. დღესაც სიამოვნებით აკეთებს ამას.

ედმუნდ ბერკს ვკითხავდი: შესაძლებელია ადამიანი კარგი იყოს, თუკი ის თავისი ქმედებით, უფრო ზუსტად კი უმოქმედობით, ბოროტების ტრიუმფს უწყობს ხელს?

კიდევ იცით როგორი კარგი ადამიანები ვიცი? - მართლა კარგი ადამიანები. ჰუმანურები. ძალიან ჰუმანურები. იცით, როგორი ჰუმანურები? სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთ ცუდ სიტყვას რომ ვერ დააცდევინებ ბრალდებულზე იმის შიშით, უდანაშაულო ადამიანს ბრალი არ დავდოო. არადა, ხომ მართლა კარგი საქციელია? არა, ხომ მართლა კარგია? ასე შეგეძლოს სხვის მდგომარეობაში შესვლა, სხვის ემოციებზე ფიქრი.. ასე შეგეძლოს გაჩუმება.

მახსოვს, ქართულის გაკვეთილზე ,,განდეგილს“ რომ გავდიოდით, მასწავლებელმა გვკითხა, როგორ ფიქრობთ, განდეგილობა რთული გზაა თუ მარტივიო? მარტივი-მეთქი. მარტივია უცოდველი დარჩე, თუკი ყველა იმ გარემოს გაეცლები, რომლებიც ცოდვის ჩადენისკენ გიბიძგებს, სიძლიერე ის არის, ხალხში იცხოვრო და მაინც გაუძლო ცდუნებებს-მეთქი.

მართლა რა მარტივია, შეცდომა არ დაუშვა, თუკი არასდროს დადებ სასწორზე საკუთარ რეპუტაციას, თუკი ზოგჯერ მტკიცებულებების გარეშე არ დადგები მსხვერპლის მხარეს, თუკი ზოგჯერ უბრალოდ შენს ინტუიციას არ ენდობი. რა მარტივია, ყოველთვის კარგ ადამიანად დარჩე, თუკი არასდროს დააყენებ საკუთარ თავს მორალური დილემის წინაშე და არ აიძულებ, არჩევანი გააკეთოს.

როგორი სასიამოვნოა, როცა წლების მერე საკუთარ წარსულს, საკუთარ ახალგაზრდობას გადმოხედავ და დაინახავ, რომ არაფერი გაგიფუჭებია, არც ერთი ადამიანისთვის უსამართლოდ არ დაგიდია ბრალი, არავინ ტყუილად არ გაგილანძღავს, არავის გადადგომა უსაფუძვლოდ არ მოგითხოვია, არასდროს დამდგარხარ იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ბოლოს არასწორი აღმოჩენილა...

მხოლოდ ერთი პატარა კითხვა მიტრიალებს თავში: მაინც სასიამოვნოა ეს ყველაფერი, თუკი საკუთარ უშეცდომო წარსულთან ერთად იმასაც აღმოაჩენ, რომ მხოლოდ იმიტომ არ გაგიფუჭებია არაფერი, რომ არც არაფერი გაგიკეთებია? როცა გაიაზრებ, რომ არასწორ ადამიანთან ერთად ბრძოლაში იმიტომ არ აღმოჩენილხარ, რომ ზოგადად არც გიბრძოლია? უსამართლოდ კი იმიტომ არ გაგილანძღავს არავინ, რომ ზოგადად, არც არავინ გაგილანძღავს, რადგან როცა ამის ეჭვი გაგჩენია, მტკიცებულებებს ელოდებოდი. ძლიერ, ნათელ, კაშკაშა მტკიცებულებებს, მართლა იყო თუ არა დამნაშავე, მართლა იყო თუ არა მოძალადე, მართლა იყო თუ არა ჰომოფობი.

და იცი რა მოხდა? დრო გავიდა. ბევრი წელი გავიდა. იმ ადამიანმა ჩვენ შორის მშვიდად იცხოვრა. ჩვენგან სიყვარულს იღებდა. ზოგჯერ აპლოდისმენტებსაც. არა, ხშირად აპლოდისმენტებსაც. შენ დაგავიწყდა ეს ადამიანი, იმდენი ხანი ელოდე ნიშანს, გამიჯვნოდი თუ არა მას, როცა უკვე ეს გადაწყვიტე, ამის საჭიროება აღარ იყო. ან იქნებ, არც არასდროს გადაგიწყვეტია..

მაგრამ, მე მართლა მჯერა, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ.

კარგი ადამიანი ხარ, რომელიც სულ ჩუმადაა იმის შიშით, რამე ისეთი არ თქვას, რაც ცუდ ადამიანად აქცევს.

მხოლოდ ერთი რამ ვერ გამიგია: რაში გჭირდება კარგ ადამიანად ყოფნა, თუკი კარგი ადამიანი არ ხარ?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG