ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან კვების გარეშე დარჩა. ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს იუწყება უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომი“. მისი ინფორმაციით, 2 ნოემბერს, რუსი სამხედროების მხრიდან სროლის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ბოლო ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა.
კომპანიის ცნობითვე, კავშირის შეწყვეტის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩაირთო დიზელის 20-ვე გენერატორი, ამჟამად კი, ოპტიმიზაციის შედეგად, მუშაობს 9 და ე.წ. ცივ მდგომარეობაში გადავიდა მეხუთე და მეექვსე ენერგობლოკები. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია აცხადებს, რომ გენერატორებისთვის საწვავის 15-დღიანი მარაგია.
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ მიმართოს ზომებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის, ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანისა და უკრაინის კონტროლქვეშ სადგურის დაბრუნების მიზნით.
რუსეთის სახელმწიფო კონცერნის, "როსენერგოატომის" გენერალური დირექტორის მრჩეველმა რენატ კარჩაამ სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს დღეს განუცხადა, რომ უკრაინამ მიზანმიმართულად გათიშა ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამარაგებდა.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი, თუმცა, გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს. მონიტორინგისთვის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები.
მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის - ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიღების შესახებ, პუტინმა გამოსცა "ბრძანებაც" და რუსეთის მთავრობას დაავალა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ფედერალურ საკუთრებაში მიიღოს.