Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის ინტერესშია კრემლთან კონტაქტების შენარჩუნება - ჯეიკ სალივანი


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კიევში. 2022 წლის 4 ნოემბერი
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კიევში. 2022 წლის 4 ნოემბერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, დაადასტურა, რომ მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა, ღია რჩება კავშირის არხები აშშ-სა და რუსეთს შორის.

„ბიბისის“ თანახმად, 7 ნოემბერს ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლის დროს სალივანმა თქვა, რომ ვაშინგტონის ინტერესშია კრემლთან კონტაქტების შენარჩუნება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის ამ სიტყვების ფონია 6 ნოემბერს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ სალივანმა გაუხმაურებელი საუბრები გამართა რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან იმ იმედით, რომ შემცირდეს ბირთვული კონფლიქტის საფრთხე, რასაც უკრაინაში რუსეთის მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია წარმოშობს.

Washington Post-ში გამოქვეყნებული წინა ცნობების მიხედვით, ვაშინგტონი კერძო საუბრებში მოუწოდებდა უკრაინას, რათა აჩვენოს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაობა, რადგან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, მოსკოვი აგრძელებს ომის ესკალაციას და სერიოზულად არ სურს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 7 ნოემბრის ტრადიციულ ღამის მიმართვაში თქვა, რომ ის ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისათვის, თუ ეს იქნება „ნამდვილი“ მოლაპარაკებები, რომლებიც აღადგენს უკრაინის სახელმწიფო საზღვრებს, უზრუნველყოფს უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდასა და სამხედრო დამნაშავეების დასჯას.

4 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეუძლებლად აცხადებს პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკების პერსპექტივას, მაგრამ ღიას ტოვებს კარებს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

თავის მხრივ, კრემლმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ვაშინგტონმა გაუხმაურებელი საუბრები გამართა რუსეთის მაღალჩინოსნებთან - იმ ფონზე, როცა არსებობს შიში, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის კიდევ უფრო დიდ ესკალაციას მიმართოს ან, საერთოდაც, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 7 ნოემბერს უთხრა, რომ რუსეთი "ღია" რჩება მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მას კიევთან მოლაპარაკება არ შეუძლია, ვინაიდან უკრაინა ამაზე უარს აცხადებს.

XS
SM
MD
LG