ომსკის ოლქში რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გაიწვიეს ჯარში, გაგზავნეს უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“, რომელიც პატიმრებისგან შედგება. ამის შესახებ გამოცემა „აგენტსტვო“ იტყობინება ჯარისკაცების დედების კომიტეტთა საბჭოზე დაყრდნობით.
„ვაგნერში“ გაგზავნილი ჯარისკაცებიდან ერთ-ერთის დედამ განაცხადა, რომ მისი ვაჟის სამხედრო ბილეთში სპეციალურად არ გააკეთეს მობილიზაციის შესახებ აღნიშვნა. საქმე ისაა, რომ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულების თანახმად, ოფიციალურად მობილიზებულების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში და არა რაიმე სხვა სამხედრო ფორმირებებში, როგორიცაა „ვაგნერი“.
ჯარისკაცების დედების კომიტეტთა საბჭოში განაცხადეს, რომ მობილიზაციის წესების დარღვევის გამო მათ საჩივრით მიმართეს სამხედრო პროკურატურას და ომსკის ოლქის ადმინისტრაციას, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიუღიათ.
21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზევე ომის გასაგრძელებლად. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევა გავრცელდება მოქალაქეებზე, რომლებიც არიან თადარიგში, პრიორიტეტი კი მიენიჭებათ იმათ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე, მობილიზებულებმა შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები რეგულარულად იტყობინებიან ხელისუფლების მიერ გამოცხადებული წესების დარღვევისა და იმის შესახებ, რომ მრავალი მობილიზებული სამედიცინო შემოწმებასაც კი არ გადის. ოქტომბრის დამდეგიდან მედია თითქმის ყოველდღე იუწყება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მობილიზებულ მოქალაქეთა დაღუპვის ფაქტებზე.
„კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც არ აღირიცხება სამხედრო უწყებების ბალანსზე და იურიდიული პირების რეესტრში, მაგრამ მისი მებრძოლები მონაწილეობას იღებენ უკრაინაში მიმდინარე ომში. „ვაგნერის“ ერთ-ერთი შემქმნელი და სპონსორია პუტინთან ახლოს მდგომი პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. გაზაფხულზე, უკრაინაში რუსეთის არმიის რამდენიმე მარცხის შემდეგ, პრიგოჟინმა დაიწყო „ვაგნერისთვის“ მებრძოლთა შეგროვება პატიმართა შორის. პატიმრობამისჯილებმა, რომლებიც თანხმდებიან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, ნახევარი წელი უნდა გაატარონ მოწინავე ხაზზე, მათ დახვრეტა ემუქრებათ უკან დახევისა და ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში. იმათ, რომლებიც ნახევარი წლის შემდეგ ცოცხალი გადარჩებიან, შეწყალებას ჰპირდებიან. „ვაგნერმა“ ამ გზით, სხვადასხვა ინფორმაციით, ათიდან ოცი ათასამდე პატიმრის შეგროვება შეძლო საბრძოლველად.