სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, მხატვარი და ფესტივალ "Fest i Nova-ს" დამფუძნებელი ყარამან ქუთათელაძე მიიღებს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს აკადემიის პრესსამსახურში, სხვა მსურველი არ ყოფილა.
განაცხადებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობისთვის აკადემია 6 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით იღებდა, რექტორის არჩევნები კი 18 ნოემბერს გაიმართება. აკადემიის რექტორს 4 წლის ვადით 11 ადამიანისგან შემდგარი აკადემიური საბჭო აირჩევს.
ყარამან ქუთათელაძის, როგორც რექტორობის კანდიდატის, პროგრამა სამხატვრო აკადემიის ვებსაიტზე დღეს, 10 ნოემბერს, გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, რექტორად არჩევის შემთხვევაში ის სტუდენტებს რეზიდენციებს, ღია სახელოსნოებს და ახალი ცოდნის ლაბორატორიას, აბიტურიენტებს მოსამზადებელ კურსებს, აკადემიას კი სტრატეგიული და საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აღჭურვას და უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების შექმნას ჰპირდება.
ყარამან ქუთათელაძე 2000 წლიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში არტ ვილა "გარიყულას" მართავს.
სამხატვრო აკადემიის მსგავსად, ერთკანდიდატიანი არჩევნები ჩატარდა თსუ-შიც, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 20 ოქტომბერს აირჩიეს. ამ არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, ისტორიკოს ჯაბა სამუშიას მეგობრები გამარჯვებას მანამ ულოცავდნენ, სანამ ოფიციალურად წარადგენდა კანდიდატურას.