Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას თქმით, სააკაშვილი თავის ბიბლიოთეკას პოლიტიკური განცხადებებისთვის შეუფერებელ ადგილად მიიჩნევს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მის შვილს არ მოეწონა თანაპარტიელების მიერ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე სალაპარაკოდ პრეზიდენტის ბიბლიოთეკის გამოყენება. როგორც ალასანიამ დღეს, შვილის მონახულების შემდეგ უთხრა მედიას, სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ როცა არსებობს პარტიის ოფისები, პარტიასთან დაკავშირებული განცხადებებისთვის მის მიერ დაფუძნებული ბიბლიოთეკა არ უნდა გამოიყენებოდეს.

„ჩემთან „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრია. ერთადერთი აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც უნდა იღებდნენ მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგანაც ამისთვის ოფისები არსებობს", - განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან."

პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში ბრიფინგი რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ გამართა. ის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, მიიღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრი გიორგი ჩალაძე და აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

XS
SM
MD
LG