Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და გვარამიაზე კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ევროკომისარს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შესახებ არ ულაპარაკია. პაპუაშვილის თქმით, მათი საკითხის განხილვა ევროკომისართან "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა" ცადა.

"ერთადერთი, ვინც ეს ახსენა, იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს ამ საკითხებთან დაკავშირებით", - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. იმას, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, როგორც პოლიტიკური პატიმრების შესახებ ევროკომისარს ინფორმაცია მიაწოდა, ადასტურებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკო მინაშვილიც.

ოლივერ ვარჰეის კითხვა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შესახებ დაუსვეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც. მან "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას ისე ღრმად არ იცნობს, რომ შეეძლოს კონკრეტულ ადამიანებზე პასუხის გაცემა.

„თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია.

მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი 12 რეკომენდაცია. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება კრიტერიუმები. ეს არის სისტემის ჩარჩო, რომელიც შემოგთავაზეთ“, - ასე უპასუხა ოლივერ ვარჰეიმ ჟურნალისტის კითხვას.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, რეალურად სწორედ ევროკომისიაა ის, ვინც საქართველოს პროგრესი უნდა შეაფასოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ მნიშვნელოვანია ევროკომისრის შეფასებები საქართველოს შესახებ.

"კომისია არის სწორედ ის ინსტიტუცია, რომელიც შეაფასებს საქართველოს პროგრესს და არა ევროპის პარლამენტი. ევროპის პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, სადაც არიან პოლიტიკოსები, ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამიტომ შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის კომისია და სწორედ წარმომადგენელი გვყავდა დღეს და მოვისმინეთ მისი განცხადებები. რაც შეეხება სააკაშვილს, კანონის უზენაესობა ვერ იქნება წინაღობა ევროკავშირის წევრობის. პირიქით, კანონის უზენაესობა არის წინაპირობა იმისთვის, რომ მიგვიღონ ევროკავშირში - კანონის უზენაესობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობთ", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

XS
SM
MD
LG