Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი შედეგებით, ყაზახეთის პრეზიდენტად დიდი უპირატესობით კვლავ ტოყაევი აირჩიეს


ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი (მარცხნივ) და ექსპრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი
ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი (მარცხნივ) და ექსპრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

როგორც მოსალოდნელი იყო, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჯომარტ ტოყაევი. საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, არჩევნებს აკლდა "კონკურენცია" და ქვეყანა რეფორმებს საჭიროებს.

21 ნოემბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, ტოყაევს ხმათა 81,3 პროცენტი ერგო, რაც, საპრეზიდენტო ვადების ახალი წესების თანახმად, ნიშნავს, რომ ის კიდევ შვიდი წლის განმავლობაში დარჩება თანამდებობაზე.

69 წლის პრეზიდენტი იმარჯვებს ხუთი ნაკლებად ცნობილი ოპონენტის წინააღმდეგ, რომლებსაც არ განიხილავდნენ მის რეალურ კონკურენტებად.

მეორე ადგილი არცერთ კანდიდატს არ ერგო - ამომრჩევლის 5,8-მა პროცენტმა "ყველას წინააღმდეგ" მისცა ხმა.

ხმების 3,4 პროცენტი აქვს ჟიგული დაირაბაევს, ხელისუფლების მომხრე სახალხო დემოკრატიული პატრიოტული პარტიიდან.

"20 ნოემბრის ვადამდელი არჩევნები გაიმართა პოლიტიკურ გარემოში, რომელსაც აკლია კონკურენცია. და მაშინაც კი, თუკი ის კარგად იყო მომზადებული, არჩევნებმა გამოავლინა სამომავლო რეფორმების საჭიროება, რათა კანონმდებლობა და მისი განხორციელება ეუთოს წესებთან მოვიდეს შესაბამისობაში, რეალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 21 ნოემბერს.

20 ნოემბრის არჩევნებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, ყაზახეთმა შეცვალა საპრეზიდენტო ვადების სისტემა - თუკი მანამდე პრეზიდენტს ორი ხუთწლიანი ვადით შეეძლო ემსახურა, ახლა ეს ერთი შვიდწლიანი ვადით შეიცვალა. საკონსტიტუციო შესწორებები ტოყაევმა წარადგინა, როგორც "ახალი ყაზახეთის" შექმნის კამპანიის ნაწილი.

თავდაპირველად, საპრეზიდენტო კენჭისყრა 2024 წელს იყო დაგეგმილი, საპარლამენტო არჩევნები - 2025 წელს.

მაგრამ სექტემბერში ტოყაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა - განაცხადა, რომ განახლებული მანდატი იყო საჭირო რეფორმებისთვის მას მერე, რაც ივნისში ჩატარებული რეფერენდუმით "ელბასის" (ერის ლიდერის) სტატუსი ჩამოერთვა ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს.

ტოყაევი განაგრძობს დისტანცირებას ნაზარბაევისგან, რომელიც 2019 წელს გადადგა პოსტიდან. იგი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ტოყაევი თავის შემცვლელად ნაზარბაევმა დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG