Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: განვაგრძობთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აკვირდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუდმივი კონტაქტი აქვთ სახალხო დამცველთან.

"ჩვენ განვაგრძობთ მის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას. გვაქვს მუდმივი კონტაქტი სახალხო დამცველთან. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მონიტორინგს. მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ყურადღების ქვეშ და იყოს სამართლიანი, ისე, როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული", - აღნიშნა ელჩმა.

რამდენიმე დღის წინ ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა დაასრულა. ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი "სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას."

ცენტრ "ემპათიის" დასკვნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექიმებიც მუშაობდნენ. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო ამ ეტაპზე არ არის.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც. საქმეები სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG