Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ყველაზე დიდ მონასტერში "კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" მიმდინარეობს


ფოტო არქივიდან. კიევ-პეჩორის ლავრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ კიევის ყველაზე დიდ მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სისტემური მუშაობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის".

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებითვე, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, გაზრდილია ტერაქტების, დივერსიების და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში.

უკრაინის უშიშროების თანახმად, ღონისძიებები ტარდება, რათა არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს ცენტრად“ და შემოწმდეს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის კუთვნილი შენობები შესაძლოა, გამოიყენებოდეს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოეთის მოქალაქეების და იარაღის სამალავად.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და ამოწმებენ იქ მყოფ პირებს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით საქმე აღძრა კიევ-პეჩორის მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში სიმღერის „მატუშკა რუსის" შესრულების და ღვთისმსახურებისას „რუსული სამყაროს“ განმადიდებელი პროპაგანდის გამო. ლავრაში განაცხადეს, რომ მღვდელი, რომლის წირვის დროსაც ეს მოხდა, ღვთისმსახურებას ჩამოაშორეს.

კიევ-პეჩორის ლავრა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ), რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მას უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან(ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG