Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გვჭირდება მეტი კვალიფიციური რეჟისორი" - თეა წულუკიანი თეატრალური უნივერსიტეტის რეფორმას ითხოვს


"ამ უნივერსიტეტს სჭირდება რეფორმა, უნივერსიტეტს სჭირდება გამართული იყოს წელში" - თქვა კულტურის მინისტრმა 25 ნოემბერს თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც ის ახლადგამოცემული წიგნის, მსოფლიო თეატრის ისტორიის V ტომის პრეზენტაციაზე იყო მიწვეული.

კულტურის მინისტრმა თეატრალურ უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ მომავალ წელს არსებობს შესაძლებლობა მიიღონ დაფინანსება რეფორმის გატარებისთვის, რაც საშუალებას მისცემს გაზარდონ დასაქმებულების ხელფასი და გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი.

"ჩვენ ძალიან გვინდა და რაც მთავარია, სურვილის გარდა, გვაქვს შესაძლებლობა, მათ შორის ფინანსური, რომ ამ უნივერსიტეტში განხორციელდეს რეფორმა. რეფორმა რა უნდა იყოს, შინაარსი, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და ჩვენ მერე განვიხილავთ შემოსულ წინადადებას. რეფორმა რომ საჭიროა, ამას ბევრი რამ მიანიშნებს, თუნდაც ის, რომ თეატრსა და კინოში გაქრობის პირას არის ბევრი პროფესია, ან ის პროფესია, რომელიც გაქრობის პირას არ არის და არაერთ ადამიანს უშვებს ჩვენი სასწავლებელი, იქაც მეტის გაკეთება ალბათ არის შესაძლებელი უფრო მეტი ხელშეწყობის პირობებში და აქ რომ ხარვეზები გვაქვს სისტემას და არა რომელიმე კონკრეტულ მმართველს, სამინისტროში ან უნივერსიტეტში, ეს გვიჩვენა ძალიან კარგად იმ კონკურსმა, რომლითაც მასობრივად გაგვიხდა შესარჩევი სამხატვრო ხელმძღვანელები ჩვენს სახელმწიფო თეატრებში, იმიტომ რომ ვადა გაუვიდათ თითქმის ყველას ერთდროულად" - თქვა თეა წულუკიანმა. კონკურსს, რომელიც მან გაიხსენა თეატრალურ უნივერსიტეტში, ძირითადად ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ძირითად შემთხვევებში მინისტრმა ერთპიროვნულად მიიღო სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის გადაწყვეტილება. სახალხო დამცველმა კონკურსში მონაწილე რეჟისორების მიმართვის საფუძველზე ეს პროცესი შეისწავლა და სამინისტროს არსებული პრაქტიკის გადახედვის რეკომენდაცია მისცა.

"ეს კონკურსი იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პროცესი, იმიტომ რომ საკადრო რესურსი აღმოჩნდა ძალიან ცოტა, მწირი. იქ სადაც არის სიმწირე, იქ არ არის კონკურენცია და კონკურენცია სადაც არ არის ის გარემო ძალიან სწრაფად ხდება დამყაყებული, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კვალიფიციური რეჟისორი. უფრო მეტი ახალგაზრდა კვალიფიციური რომც გვყვავდეს, კი არ ვამბობ, რომ რაოდენობა ყველაფერს გადაწყვეტს, ბევრი სხვა რამეა საჭირო ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომ ის შედგეს როგორც კარგი რეჟისორი და აქ უკვე სხვა ბერკეტები უნდა ჩართოს სახელმწიფომ, უნივერსიტეტმა და ქვეყანამ" - თქვა თეა წულუკიანმა თეატრალურ უნივერსიტეტში და დაამატა, რომ მიუხედავად კრიტიკისა, დღეს ქართული თეატრი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ქართული კინო.

"რეფორმის დიდი ნაწილი ალბათ კინოს გაცოცხლებას უნდა მოხმარდეს"- თქვა თეა წულუკიანმა.

XS
SM
MD
LG