Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიაბერაშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობაზე ფიქრობს, პარტიაში უარზე არიან


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას ენმ-ისა და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გამო.

„პიროვნულად ზურას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გავიგე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს... მათ დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო ძლიერად ჰქონდა გაცხადებული „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება... დატოვეს პარტია იმ კონტექსტში, როცა მიხეილ სააკაშვილის ჩაჩოჩებაზე იყო მთავარი ამბავი“, - უთხრა ჟურნალისტებს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ. მისი აზრით, არჩევნებში მონაწილეობა არავის ეკრძალება, მაგრამ უხერხულობას კონკრეტული ისტორიები ქმნის.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურას პარტიაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და პოლიტიკური ცხოვრება 2021 წლის დასაწყისში დატოვა, ჯერ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში თქვა, ხოლო შემდეგ თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნების დანიშნულებაც და მასში მონაწილეობის მიზანშეწონილობაც იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, რა უწყობს ხელს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას. ამასთან, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში წარიმართოს და არა „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი „ტალახის სროლის“ რეჟიმში; და იქნება თუ არა კარი ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელმაც პარტია დღევანდელი არასასურველი მდგომარეობიდან უფრო ძლიერი უნდა გამოიყვანოს“, - წერს ჭიაბერაშვილი და იქვე არჩევნებში „შესაძლო მონაწილეობაზე ფიქრთან“ დაკავშირებულ ფაქტორებსაც ასახელებს.

რადიო თავისუფლებამ ზურაბ ჭიაბერაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მხოლოდ სურვილების გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება", - დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ თავის ფეისბუკგვერდზე და ჭიაბერაშვილის კანდიდატურის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არაპირდაპირი გზით გამოხატა. მისი განცხადებით, „სამუშაო ჯგუფს მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს“.

წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ მხოლოდ ენმ-ის წევრები და მათ ასევე უნდა ჰქონდეთ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერაც. არჩევნების ჩატარების წესებსა და ფორმებს პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა უყაროს კენჭი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული არჩევნების თარიღი.

ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG