Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო აცხადებს, რომ მედიამ მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების შემთხვევა “ამორალურად” გააშუქა


საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების შემთხვევა მედიამ “ამორალურად” გააშუქა. საპატრიარქოს განცხადება მის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელდა.

“სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც... რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია”, - წერია განცხადებაში.

უფრო ადრე “ფეისბუკით” განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან ამ კრიმინალურ შემთხვევაში მედიასაშუალებების “ანტიეკლესიური კამპანიის” შედეგი დაინახა.

“გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების ("მთავარი არხი", "ტვ პირველი", "ფორმულა"), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან, საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს...

თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი") ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! - ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში”, - თქვა ჯაღმაიძემ.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ფიქრობს, რომ "ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე ნამდვილად არასწორია".

„შეიძლება მან გადაამლაშა. ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა და თავის პოსტზე დადო, თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება. მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება... ვფიქრობ, განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა“, - უთხრა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“.

ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი 25 ნოემბერს შეიჭრა. ისინი იღუმენიას და მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 70 წლის მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ კრიმინალური შემთხვევის გამო ორი ადამიანი, წარსულში ნასამართლევი 27 და 39 წლის კაცები დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG