Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება თვალშისაცემია. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს.

"სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთი ვესაუბრე - უფრო დიდ ხანს, ვხვდები, რომ მას არ შეუძლია საუბარი. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ერთი შეხედვით და საუბრითაც მახსოვს, როგორი იყო ის იანვრის თვეში გორის ჰოსპიტალში. განსხვავება არის თვალშისაცემი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, არის მკვეთრად გაუარესებული. აქვს წონის მკვეთრი დაკარგვა...

ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს დასკვნა გაკეთებული, რომელიც ასევე საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, განაცხადა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG