Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე ჯაღმაიძის განცხადების კომენტარებზე: ეს არის მტრობა ეკლესიის, შენი იდენტობის, შენი სამშობლოსი


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში გამოთქმულ კომენტარებს მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მღვდლის განცხადება ეხებოდა ცხრამუხის მონასტერში მომხდარ ძალადობას. განცხადებაში მან ახსენა „გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთი საშუალებების მხრიდან".

მამუკა მდინარაძემ ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში „რადიკალური ოპოზიცია" დაადანაშაულა და გამოიყენა ტერმინი „ფსევდოლიბერალების აგრესია".

„ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში ძალიან რელევანტური იქნება თუ ვიტყვით, რომ ეკლესიისა და საკუთარი ქვეყნის მტრებს, ყველა შემთხვევაში ნამდვილად არ ელანდებათ რუსეთი, თუმცა „პიარში“ მეტი ფანტაზიის უნარი უკვე აღარ აქვთ. რამე ან ვინმე არ მოეწონებათ, რამეს არქმევენ რუსულს და ვინმესაც არქმევენ რუსულს. ეს არის ყველაზე მდაბიო „პიარკამპანია“, რაც კი შეიძლება - თუ ვინმე არ მოგწონს, პირდაპირ დაარქვი რუსეთის და რუსული. ეს არის მთელი მათი ხაზი, ნებისმიერ რამეზე, ვინც არ მოეწონებათ და, მათ შორის, ეკლესიას აყენებენ უდიდეს შეურაცხყოფას, კი არადა, პირდაპირ ებრძვიან. ეკლესიის წარმომადგენელმა გუშინ თუ გუშინწინ ფეისბუკპოსტი დადო, თავისი ნააზრევი თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, ეს გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში, ამ პოსტზე რეაქციებში", - თქვა მდინარაძემ.

დეპუტატი „ეკლესიის მტრობაზე" ლაპარაკობს: „ეს არის ფსევდოლიბერალური აგრესია, ეს არის მათი ქმედების სათაური და მტრობა ეკლესიის, შენი იდენტობის, შენი სამშობლოსი და შენი ქვეყნის. როდესაც თავს ესხმი თავისუფალ სიტყვას, აზრს, ეკლესიას და მე მგონი, პირველად არ გაუგიათ არც მათ და არც ჩვენ, რომ ის, რაც თქვა იმ კონკრეტულმა ადამიანმა, მამაოზეა ლაპარაკი, საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელზეა საუბარი, რომელმაც პრაქტიკულად თქვა რა: აგრესია, სიძულვილი, ზიზღი შობს ახალ აგრესიას, ზიზღს. დაგმო ქალის მიმართ ძალადობა და საპატრიარქოს განცხადებაც მსგავს ლეგიტიმურ, მორალურად სწორ მიზნებს ემსახურებოდა".

დეკანოზ ჯაღმაიძის კომენტარი გამოქვეყნებულია არა მის პირად ფეისბუკგვერდზე, არამედ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუკგვერდზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმის, ყაჩაღობისა და ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტზე საუბრისას დეკანოზი მიუთითებს „გამალებულ და ორგანიზებულ ანტიეკლესიურ კამპანიაზე“, რომელსაც, ტექსტის თანახმად, საქართველოში კრიტიკული ტელეარხები, თეოლოგები და ექსპერტები აღვივებენ. ტექსტში დასახელებულია სამი ტელევიზია.

ასეთივე პოზიციაა გამოხატული თერჯოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა.

საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „უკიდურესად საშიშსა და არასწორს“ უწოდებს ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარი შემზარავი ფაქტის მედიისთვის გადაბრალებას.

თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია.

ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა“, - წერს ლომჯარია თავის ფეისბუკგვერდზე.

27 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 26 ნოემბერს დაკავებულ ორ პირსმონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე“, რაც თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურა მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, - აცხადებს პროკურატურა.

XS
SM
MD
LG