Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეწევა ელექტრონულ სიგარეტს" - დაარღვია მინისტრმა სააკაშვილის უფლებები?


რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი
რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ელექტროსიგარეტს ეწევა. "იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს", - აღნიშნა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"ელექტროსიგარეტებს მოიხმარს დიდი რაოდენობით... ჩვენთვის როგორც ცნობილი გახდა, დაახლოებით 300-მდე ელექტროსიგარეტი მოიხმარა. როგორ ფიქრობთ, ბატონო რატი, ამან ხომ არ გამოიწვია მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა", - POS TV-ის ჟურნალისტის ამ კითხვის პასუხად დაადასტურა მინისტრმა ექსპრეზიდენტის მიერ ელექტროსიგარეტის მოხმარება. მან ჟურნალისტს კითხვაზე ასე უპასუხა:

"კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, ამასთან დაკავშირებით მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა ეგ ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შეფასებით, პრესკონფერენციაზე ბრეგაძემ უნებართვოდ გააჟღერა სააკაშვილის პერსონალური მონაცემები.

რადიო თავისუფლებას ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ უთხრა, რომ მინისტრის მიერ პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გაჟღერების გამო აპირებს მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს.

"იუსტიციის მინისტრმა კანონი დაარღვია. მან გააჟღერა პერსონალური ინფორმაცია, მას ამის თქმის უფლება არ ჰქონდა... მე არ მაქვს [ელექტროსიგარეტის მოხმარებაზე] არანაირი ინფორმაცია, რომც მქონდეს, მისი ნებართვის გარეშე ვერ ვიტყვი", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ჯერ არ არის ცნობილი, შეისწავლის თუ არა შესაბამისი უწყება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შესაძლო დარღვევის საკითხს.

"განვიხილავთ აღნიშნულ ეთერს [იუსტიციის მინისტრის პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ინფორმაციას] არის თუ არა შესწავლის საფუძველი", - უთხრეს რადიო თავისუფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG