პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სახლში, სამუშაო ოთახსა და მანქანაში სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. ადვოკატი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ეს მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
"როცა დავიწყე სააკაშვილის საქმეზე მუშაობა, მას შემდეგ ოფისში არ გავსულვარ, მასალები სახლიდან არ გამიტანია. ჩემი იურიდიული ჯგუფიც აქედან მუშაობს.
სახლის გასაღები მე მაქვს, მეტს - არავის. შაბათ-კვირას გავდივართ ქალაქიდან და ვტოვებთ სახლს... ამ საქმის შემდეგ ამ ოთახში არავის ვუშვებ... არც დასუფთავებაში მეხმარება ვინმე, არც კარი ყოფილა დაზიანებული", - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეჭვი თვალთვალსა და მოსმენაზე მას შემდეგ გაუჩნდა, რაც "მზიურში", პარკში, უცხო ადამიანებმა უთხრეს, რომ ვიღაცები მუდმივად დაჰყვებოდნენ:
"ამან გააჩინა ეჭვი. დავიწყეთ დათვალიერება და გუშინ აღმოვაჩინეთ სახლში [სავარძელში] და მანქანაში, ე.წ. ბარდაჩოკში [სათავსოში]".
ხაჭაპურიძე ამბობს, რომ 27 ნოემბერს, სააკაშვილის სასამართლო სხდომის წინა დღეს, მის სახლში, სწორედ იმ ოთახში, სადაც მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, მსჯელობდნენ, როგორ უნდა გადაეყვანათ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი კლინიკიდან სასამართლოში.
"ამ ოთახში ვმსჯელობდით, როგორ მოხდებოდა მისი ტრანსპორტირება საავადმყოფოდან. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სავარძლით შესაძლებელი იყო. მეორე დღეს, როცა სასამართლოში არ მიიყვანეს, გაკეთდა განცხადება, რომ ეტლით გამოჩენა იყო დაგეგმილიო", - ამბობს ხაჭაპურიძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - წერია უწყების განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ. მას ორ საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი, მის წინააღმდეგ სასამართლო კიდევ სამ საქმეს განიხილავს. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის დაცვის საქმეში, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის ნაწილში, რამდენიმე თვის წინ ჩაერთო. როგორც ის ამბობს, არსებობს ექსპერტების დასკვნები, რომლებითაც სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა.
მასალა განახლებულია, მასში ასახულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება.