Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ადვოკატის სახლში "მოსასმენი მოწყობილობის" აღმოჩენით გამოძიება დაინტერესდა


შალვა ხაჭაპურიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შალვა ხაჭაპურიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც შეეხება სახლსა და მანქანაში მოსასმენი და სათვალთვალო მოწყობილობების აღმოჩენას. უწყების განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - წერია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღეს, 30 ნოემბერს, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახლში, სამუშაო ოთახსა და მანქანაში სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. ადვოკატი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ეს მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეჭვი თვალთვალსა და მოსმენაზე მას შემდეგ გაუჩნდა, რაც "მზიურში", პარკში, უცხო ადამიანებმა უთხრეს, რომ ვიღაცები მუდმივად დაჰყვებოდნენ:

"ამან გააჩინა ეჭვი. დავიწყეთ დათვალიერება და გუშინ აღმოვაჩინეთ სახლში [სავარძელში] და მანქანაში, ე.წ. ბარდაჩოკში [სათავსოში]".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ. მას ორ საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი, მის წინააღმდეგ სასამართლო კიდევ სამ საქმეს განიხილავს. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის დაცვის საქმეში, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის ნაწილში, რამდენიმე თვის წინ ჩაერთო. როგორც ის ამბობს, არსებობს ექსპერტების დასკვნები, რომლებითაც სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG