Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვიორსტკის" წყაროები: კრემლი რუსეთის სულიერ უპირატესობაზე საუბრით გეგმავს ქვეყნიდან წასულთა დაბრუნებას


კრემლის პროპაგანდისტული აქცია წითელ მოედანზე. 2022 წ. 30 სექტემბერი.
კრემლის პროპაგანდისტული აქცია წითელ მოედანზე. 2022 წ. 30 სექტემბერი.

ნოემბრის შუა რიცხვებში კრემლმა ჩაატარა თათბირი, რომელზეც განიხილეს ზომები რუსეთში იმ სპეციალისტების დასაბრუნებლად, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. საქმე ეხება ასიათასობით ემიგრანტს, მათ შორის IT-ს პეციალისტებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებს, ბიზნესმენებს. მათ უპირებენ, მისცენ გარანტიები, რომ უკანონოდ არ გაიწვევენ ჯარში და მოუყვნენ „დასავლეთთან შედარებით რუსეთის სულიერ უპირატესობაზე“. ამის შესახებ გამოცემა „ვიორსტკი“ წერს ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა იუწყება, დაბრუნებულ სპეციალისტებს შეჰპირდებიან, რომ მათ ჯარში არ გაიწვევენ უკრაინაში არმიის შესავსებად მობილიზაციის მეორე ტალღის შემთხვევაში. კრემლი გეგმავს, ჩაატაროს სპეციალური საინფორმაციო კამპანია, რომელშიც განსაკუთრებით იქნება აღნიშნული უკანონო გაწვევებში სამხედრო კომენდატურების მნიშვნელობა, წერს „ვიორსტკი“. მობილიზაციის მეორე ტალღის შემთხვევაში ხელისუფლება გეგმავს ბიუჯეტის გამოყოფას მობილიზაციის თაობაზე ცუდი ამბების დასაბლოკად, ჰყვება რედაქციის ერთ-ერთი ანონიმი წყარო.

ქვეყნიდან წასულთა დაბრუნებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანია შეიძლება დაიწყოს ლოზუნგით „რუსეთში არის ყველაფერი, ამიტომ აზრი არა აქვს აქედან გამგზავრებას“, თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. ასევე განიხილება იპოთეკური შეღავათების შემოღება და შეღავათები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვების მოსაწყობად.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ასევე მას მერე, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, ქვეყანა ასეულობით ათასმა შრომისუნარიანმა ადამიანმა დატოვა. მათგან რამდენი დარჩა უცხოეთში, არ არის ცნობილი. „როსსტატის“ თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებამ 96 ათას ადამიანს მიაღწია.

XS
SM
MD
LG