Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასოდეს, არც ერთი ნაბიჯით არ უნდა დაიხიო უკან - ინტერვიუ ნინო ლომჯარიასთან


ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად მუშაობის 5-წლიანი ვადა 2022 წლის 9 დეკემბერს გასდის - პარლამენტი, რომლის წევრებიც არაერთხელ დასხმიან თავს დამოუკიდებელ ინსტიტუტს და მის ხელმძღვანელს, ახალ სახალხო დამცველს ირჩევს.

ნინო ლომჯარია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სახალხო დამცველის ინსტიტუტის და ქვეყნის მომავალზე საუბრობს და გავლილ პერიოდს აჯამებს.

შარშან ამ დროს, ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ ძალიან ხშირად ხართ ძალიან დაღლილი და ელოდებით, როდის ამოიწურება თქვენი დრო სახალხო დამცველის პოსტზე, რომ დაისვენოთ. ახლა, როცა უკვე რამდენიმე დღეა დარჩენილი მანდატის ამოწურვამდე, რა შეგიძლიათ გვითხრათ მოლოდინზე 9 დეკემბრის შემდეგ.

რა იქნება 9 დეკემბრის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ბოლო პერიოდი კიდევ უფრო დატვირთული მაქვს, ყველას უნდა, რომ ბევრი რამ მოვასწროთ, ბევრი დოკუმენტი მომზადდეს, რეკომენდაცია გაიგზავნოს, ბევრი მოთხოვნაა შეხვედრაზე და მე ვარ ჩვეულებრივზე მეტად დატვირთული. დრო და შესაძლებლობა, რომ მეფიქრა და მეზრუნა ჩემს მომავალზე ვადის ამოწურვის შემდეგ, არ მქონია.

თუმცა, ვიცით პოზიცია, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებთ მალე, მაგრამ არც გამორიცხავთ თეორიულად.

ნამდვილად დავადასტურებ, რომ ვადა რომ გამივა, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში წასვლას გამოვრიცხავ, ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში რაიმე ფორმით პოლიტიკაში მივიღო მონაწილეობა. ამაზე საუბარი ჯერ, ვფიქრობ, რომ ადრეა.

თუ არსებობს ისეთი რამეები, რაზეც ილაპარაკებთ თავისუფლად მას შემდეგ, რაც აღარ იქნებით სახალხო დამცველი.

მე ვფიქრობ, რომ ვიყავი სახალხო დამცველი, რომელიც ჩარჩოებს რაღაც გაგებით ცდებოდა, მე პირადი პოზიციონირების დროსაც ვიყავი თავშეკავებული გამოხატვის ფორმებში, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რასაც ვფიქრობდი.

განსაკუთრებით წელს ვიყავი ძალიან მკაფიო ჩემს შეფასებებში, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ევროინტეგრაციის საკითხს და ხელისუფლების ძალიან უარყოფით როლს ამ პროცესში. მე ვფიქრობ, ძალიან ღიად ვპოზიციონირებდი ამ საკითხზე და მგონი, ამ თვალსაზრისით არაფერი დამიმალავს. ჩემთვის ეს საკითხი იქნება ალბათ ადამიანურად, მოქალაქეობრივად და ალბათ პროფესიულადაც ის, რაც ყოველთვის შემაწუხებს და ყოველთვის ვისაუბრებ, სადაც არ უნდა ვიყო.

საპარლამენტო განხილვის ფორმატშიც კი, ვფიქრობ, ყველაფერი ვთქვი…

თქვენი ეს გამოსვლა, ბოლო ანგარიშის წარდგენა პარლამენტში, ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო იმ თავდასხმის მასშტაბის გამო, რომლის სამიზნეც თქვენ იყავით. იქვე თქვა რამდენიმე დეპუტატმა, რომ ეს იყო თავდასხმა არ მხოლოდ თქვენზე, მომდევნო სახალხო დამცველზეც, რომელიც ამის მერე შეიძლება უკეთ დაფიქრდეს, როგორ იყოს უფრო თვინიერი. ფიქრობთ, რომ თქვენზე თავდასხმებს მართლაც ექნება მსუსხავი ეფექტი თქვენ შემდეგ სახალხო დამცველზე?

აუცილებლად ექნება, განსაკუთრებით ალბათ საწყის ეტაპზე. ვინც არ უნდა მოვიდეს, მაინც გამოუცდელი იქნება ამ პოზიციაზე, ნაკლები გაბედულება ექნება, მეც ასე ვიყავი თავიდან, ბევრი რამ არ ვიცოდი. შემდეგ უკვე გამოცდილებას, ურთიერთობებს, საქმეს და საჭიროებას მოაქვს, რომ გამოიჩინო ეს სიმტკიცე და გაბედულება.

მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის არაფერი პერსონალური ამ თავდასხმებში, ეს არის გამოხატულება იმის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ნებისმიერ დამოუკიდებელ ინსტიტუტს მიუჩინოს თავისი საქმიანობის არეალი. ჩემ მიმართაც ასე იყო.

ყოველთვის ისმოდა, რომ ეს არის საკითხები, რაზეც უნდა იმუშაო, ეს უნდა ნახო, აქ უნდა იარო, სხვა დანარჩენზე თუ მუშაობ, იქ უკვე არის მათთვის წითელი ხაზის გადაკვეთა და იწყება თავდასხმები. თითქოს წრის შემოხაზვას ცდილობენ და გეუბნებიან, ეს არის შენი სამოქმედო არეალი და იქით არ გადმოხვიდე. მე ასე არ ვიქცეოდი და ეს იყო მათთვის გამაღიზიანებელი. მე რომ დავრჩენილიყავი “შემოხაზულ წრეში”, ეს არ იქნებოდა პრობლემა.

ამ ყველაფერს რომ უყურებენ კანდიდატები, ეს მათთვისაც არის გზავნილი და ალბათ საკუთარ თავსაც უსვამენ კითხვას, არიან თუ არა მზად. შეიძლება ბევრმა იფიქროს, მოდი რაღაცებს არ გავაკეთებ, მე რომ არ დამესხან თავს და სხვა რამეებს გავაკეთებ სამაგიეროდ…

ეს საშიში თამაშია. თავდამსხმელი მაინც ყოველთვის იპოვის მიზეზს, რის გამოც შეიძლება დაგესხას თავს…

ეს ალბათ ცხოვრებისეული გამოცდილებაა, განსაკუთრებით ამ სფეროში. როცა რაღაცას თმობ, არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ ამის გამო შენი ოპონენტი თუ მოწინააღმდეგე დაგაფასებს. პირიქით, უფრო მეტად დაგჩაგრავს და უფრო მეტად შეგავიწროებს სხვა სფეროებშიც.

არასოდეს არც ერთი ნაბიჯით არ უნდა დაიხიო უკან იქ, სადაც იცი, რომ ეს არის შენი საქმე, შენი ვალდებულება და შენი მანდატი. იმიტომ არის მნიშვნელოვანი, სახალხო დამცველის პერსონა ვინ იქნება და როგორი, რამდენად ძლიერი პერსონა იქნება.

გაქვთ მოლოდინი, ვინ შეიძლება გახდეს მომდევნო სახალხო დამცველი?

არც წარმოდგენა მაქვს და არც კულუარული ინფორმაცია ვიცი. ვიცი, როგორი სახალხო დამცველი მომეწონებოდა და რას არ ვისურვებდი, სცენარების როგორი განვითარება არ მომეწონებოდა.

ვთხოვდი ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით ოპოზიციურ სპექტრში მოღვაწე ინდივიდებს და პარტიებს, არ გააკეთონ კომპრომისი სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

ეს ინსტიტუტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახალხო დამცველმა საკუთარი რისკების, მათ შორის უსაფრთხოების და სხვა რისკების ფასად მოიტანა ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და საერთაშორისო რეპუტაცია [აქამდე, ისე, რომ] არ წავიდნენ არანაირ პოლიტიკურ კომპრომისზე, როცა იქნება არჩევანი გასაკეთებელი, დამოუკიდებელი კანდიდატი აირჩიონ თუ ნაკლებად დამოუკიდებელი.

ანუ გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ნაკლებად დამოუკიდებელი კანდიდატი გახდეს სახალხო დამცველი?

თუ ჩვენი ბოლო წლების ისტორიას გადავხედავთ, ასეთი მოლოდინი ალბათ უფრო რეალისტურია, უბრალოდ, იმედს მაძლევს ის, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების დაინტერესება ამ თემით, ჩემთვისაც მოულოდნელია, როგორ ადარდებთ და აღელვებთ ადამიანებს, ვინ იქნება შემდეგი. ეს არ არის უბრალოდ დანიშვნა.

არა მხოლოდ ის, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი შესასრულებელი ვალდებულება სახალხო დამცველის არჩევას ეხება, საზოგადოებრივი განწყობებიც გასათვალისწინებელია.

რამდენჯერმე ახსენეთ ევროინტეგრაცია. გაქვთ იმედი, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს?

ძალიან მინდა, რომ მივიღოთ და უნდა მივიღოთ, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და შანსი, რომელიც ჩვენ მოგვეცა, უნიკალურია.

წლების წინ ვერც კი ვიოცნებებდით, რომ ასეთ ვითარებაში ვიქნებოდით: ევროკავშირი მოგვცემდა რაღაც პუნქტებს და გვეტყოდა, ოღონდ ეს შეასრულეთ და სტატუსს მოგცემთო.

მე ძალიან ბევრი ურთიერთობა, კომუნიკაცია და შეხვედრა მქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულია, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, როგორ დავანახვებთ საქართველოს და ქართულ პოლიტიკურ კულტურას ევროკავშირის ქვეყნებს.

რთული სათქმელია, რომ კარგად ვიქცევით…

ჩვენ ჯერჯერობით რაღაც საკითხებში თითქოს ვცდილობთ, მაგრამ ბევრი საკითხია, სადაც რაღაც უნდა შეიცვალოს.

თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ, თქვენი აზრით, რა იქნება მთავარი მიზეზი, რის გამოც ვერ მივიღეთ? ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, როცა ეს უნდა გადაწყდეს, გარკვეული შეფასებების გაკეთება უკვე შეგვიძლია.

თუ ვერ მივიღეთ, ეს იქნება იმის გამო, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ და სახელმწიფომ, ევროკავშირის ქვეყნები და ევროკავშირის ინსტიტუტები ვერ დავარწმუნეთ, რომ სწორი გზით მივდივართ და გვაქვს დემოკრატიული განვითარების გულწრფელი სურვილი.

დღეს ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვაზარალებს, არის ქვეყნის დაზიანებული იმიჯი. ძალიან ბევრი უარყოფითი, ხშირ შემთხვევაში შოკისმომგვრელი ინფორმაციაც კი მიდის ამ ქვეყნიდან.

ძალიან ხშირად გამიგია ევროკავშირის წარმომადგენლებისგან, რომ მაგალითად, “შარლ მიშელის შეთანხმების” დარღვევა არის იმის საფუძველი, რომ ამ ქვეყანას აღარ ენდობიან. ამ იმიჯს სჭირდება გამოსწორება.

იმიჯის გარდა პრობლემაა პატიმრობები: ნიკა გვარამიას საქმე, რომელიც მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვის პრობლემასთან არის დაკავშირებული. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ ასე დამძიმდა და ჩვენ არასწორი რეაგირება განვახორციელეთ ამ საკითხზე, ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის ესეც იქნება მიზეზი იმის სათქმელად, რომ ამ ქვეყანაში რაღაც სწორად არ მიდის.

დეოლიგარქიზაცია?

თავიდანვე ვთქვი და ახლაც ასე ვფიქრობ, დეოლიგარქიზაცია არის ამ 11 პუნქტის შესრულების შედეგი. თუ ჩვენ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რაც მათ მოგვცეს და რაც ძალიან შეესაბამება საქართველოში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მე ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად მიგვიყვანს იქამდე, სადაც ოლიგარქიული ტიპის მმართველობა ნაკლებად იქნება შესაძლებელი.

თქვენი საქმიანობა რომ შევაფასოთ, ალბათ არის რაღაცები, რაც ვერ მოასწარით, რაზეც გული გწყდებათ და რაღაცები, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ. რა გამოგივიდათ და რა არა?

ყველაზე მეტად გული მწყდება იმის გამო, რომ ჩემს ვადას დაემთხვა კოვიდის ორწლიანი იზოლაცია, მეტის გაკეთება შეგვეძლო და გავაკეთებდით, რომ არ ყოფილიყო პანდემია. საერთო ჯამში, პრიორიტეტები რაც თავიდან მქონდა, იქნებოდა ეს ფსიქიატრიული ჯანდაცვა თუ ბავშვების უფლებები, ქალების მიმართ ძალადობა და წყალზე მისაწვდომობის პრობლემები სკოლებში, ვფიქრობ, რომ დავფარეთ.

ფიქრობთ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში უფლებადამცველების საქმიანობა უფრო გართულდა და თქვენ შემდეგ ვინც იქნება, მას უფრო მტრულ გარემოში მოუწევს მუშაობა?

ვფიქრობ, რომ გართულდა არა მხოლოდ უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ყველას საქმიანობა, ვინც მართლა დამოუკიდებლად საქმიანობს და ამ საქმიანობის გამო ოპონირებაშია ხელისუფლებასთან. არა მხოლოდ გართულდა, მტრული გახდა. იმდენად მტრული, რომ დაიწყეს იარლიყების მოწებება, ქვეყნის მტრად გაცხადებენ, უცხო ქვეყნის აგენტად, ფიზიკურად ძალადობენ უფლებადამცველებზე, იმუქრებიან, რომ რაღაც კანონებს მიიღებენ, რითაც დაარეგულირებენ უფლებადამცველების საქმიანობას.

რუსეთი ახსენეთ და ჩვენც ხშირად ვფიქრობთ, რამდენად გვაახლოებს საკანონმდებლო ინიციატივები ამ ქვეყანასთან, რომელიც ძალიან არ მოგვწონს. ფიქრობთ, რომ გამოუვათ უცხოეთის აგენტებად ხალხის მონათვლა, არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო ჩარჩოში ჩასმა და საზოგადოება ამას მშვიდად მიიღებს?

პროპაგანდა იმდენად ძლიერია, რომ თუ ამის სურვილი და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, გააკეთებენ. უბრალოდ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამას ვერ იზამენ, იმიტომ რომ მსოფლიოს უკვე აქვს რუსეთის მაგალითი. პუტინმა თავისი დიქტატორული რეჟიმი დააცემენტა და დაამკვიდრა მაშინ, როდესაც უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა მთელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ამით დაიწყო მათი სტიგმატიზაცია, ქვეყნიდან განდევნა, შევიწროება, დაპატიმრებები, ცილისწამებები და ასე შემდეგ. ამ კანონის მიღების შემდეგ დადუმდა ეს სექტორი. არავის არ უნდა დაიწეროს, რომ უცხო ქვეყნის აგენტია, როცა თავისი ქვეყნის გულშემატკივარია.

გაქვთ რაიმე რეკომენდაცია მომავალი სახალხო დამცველისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ იქნება დამაშინებელი გარემო, მიუხედავად იმისა, რომ იფიქრებს, თუ კარგად მოიქცევა, მეტს შეძლებს და უკეთ ითანამშრომლებს ბევრ საკითხზე, მინდა ვურჩიო, რომ სახალხო დამცველის ყველაზე დიდი სიძლიერე მისი დამოუკიდებლობაა.

პატივს გცემენ მხოლოდ მაშინ, როცა იციან, რომ ნამდვილად დამოუკიდებელი ხარ, მათ შორის ხელისუფლებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG