Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა კონტრაქტი გააფორმა უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების, NASAMS-ის შესაძენად


ფოტო არქივიდან. სარაკეტო სისტემა NASAMS-ი
ფოტო არქივიდან. სარაკეტო სისტემა NASAMS-ი

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის თანამედროვე სარაკეტო სისტემების, NASAMS-ის შესაძენად კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია Raytheon-თან. შესყიდვის ფასი 1,2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

პენტაგონის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სამუშაო შესრულდება მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ტუკსბერიში. პროცესის დასრულების სავარაუდო დროდ მითითებულია 2025 წლის 28 ნოემბერი.

აშშ უკრაინისთვის საერთო ჯამში, 8 NASAMS-ის გადაცემას აპირებს. პირველი სისტემა უკრაინამ ნოემბრის დასაწყისში მიიღო.

NASAMS-ი აშშ-ისა და ნორვეგიის მიერ ერთობლივად შექმნილი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე, ნებისმიერი ამინდის პირობებში.

XS
SM
MD
LG