Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა


ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისკრიმინაციულად, განსხვავებული მოსაზრებების გამო გაათავისუფლა სამსახურიდან ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი, რომელსაც ხელშეკრულების გაწყვეტამდე მიანიშნებდნენ, რომ არ უნდა ჰქონოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ჩართვები.

ომბუდსმენმა ნატალი ჯახუტაშვილის საქმეზე რეკომენდაცია 2022 წლის 29 ნოემბერს გამოსცა. ჟურნალისტის უფლებებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა. ორგანიზაცია ნატალი ჯახუტაშვილის აჭარის ტელევიზიაში მუშაობის ბოლო პერიოდს აღწერს.

  • ნატალი ჯახუტაშვილი დასაქმებული იყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ახალი ამბების სამსახურში თბილისის ბიუროს რეპორტიორის თანამდებობაზე.
  • 2021 წლის 30 დეკემბერს მაუწყებლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
  • მუშაობის ბოლო თვეებში, განმცხადებელს მიანიშნეს, რომ არ ჰქონოდა კრიტიკული ჩართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური მიმართულებიდან გამორიცხავდნენ.
  • 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას უთხრეს, რომ პოლიტიკის მიმართულებით აღარ იმუშავებდა და ეკონომიკურ მიმართულებაზე გადაჰყავდათ. მიზეზი არ განუმარტავთ.

"საიას" თანახმად, ნატალი ჯახუტაშვილს ჰქონდა კრიტიკული და არასახელისუფლებო რიტორიკის შემცველი სიუჟეტები, რაც გახდა მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი.

სახალხო დამცველმა კი მიიჩნია, რომ განმცხადებლის გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით, იყო მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დაფარვის სამართლებრივი საშუალება. არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა შრომითი ურთიერთობა, არ აქარწყლებდა დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს.

სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს ბოლო წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ გარემოზე. ომბუდსმენის მიერ სხვადასხვა დროს შესწავლილმა საქმეებმა კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები მაუწყებელში დასაქმებული პირების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების სათანადო უზრუნველყოფის, ასევე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, განგრძობადად მიმდინარეობს კრიტიკული მოსაზრებების გამო თანამშრომელთა დევნა მაუწყებელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG