Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეს იძიებს - სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა


პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაცია საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა პროკურორმა ბექა კვიციანმა. მისი განცხადებით, საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ ქართულ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშებზე განათავსა. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფინანსური დანაშაულებისთვის არის ძებნილი, ქართულ ბანკში დაუსაბუთებელ და არალეგალურ შემოსავლებს კანონიერი სახის მისაცემად ათავსებდა საკუთარ ანგარიშზე.

"თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის საფასური თითქოსდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლება ცდილობს, პროკურატურისგან მიიღოს ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა სავარაუდო დამნაშავე. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის განცხადების მიხედვით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის, მისი ანგარიშები კი გამოძიების მიმდინარეობისას დაყადაღებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG