Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ეკლესიებში „რუსული სამყაროს“ კვალს კრძალავს - ბრალდება წაუყენეს სასულიერო პირებს


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენაერთი წვრთნებზე. 2021 წლის მარტი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენაერთი წვრთნებზე. 2021 წლის მარტი.

უკრაინა მნიშვნელოვნად ამკაცრებს ზომებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედ ეკლესია-მონასტრებში რუსეთის „ძირგამომთხრელი საქმიანობის“ გამოსავლენად და აღსაკვეთად. მომზადდება საკანონმდებლო ბაზა და 2 თვეში, შესაძლოა, მოსკოვის საპატრიარქოს ეპარქიების საქმიანობა უკრაინაში სრულად აიკრძალოს.

ყალბი პასპორტები, დოკუმენტები, ბროშურები პრორუსული პროპაგანდის გავრცელების მიზნით, საეჭვო პირები და მოსკოვიდან მიღებული დირექტივები - უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ეძებს და პოულობს „რუსული სამყაროს“ კვალს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრებში. ბოლო დღეებში ბრალი წაუყენეს რუსეთის პატრიარქთან დაახლოებულ რამდენიმე პირს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დაუშვებს „უკრაინულ სულში იმპერიის აშენების“ მცდელობებს. უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რუსეთთან სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების განუყოფელ ნაწილად იქცა.

  • რა გავლენა აქვს რუსეთს უკრაინის ეკლესია-მონასტრებზე?
  • ბრძოლის რა იარაღი შეარჩია კიევმა?

დირექტივები მოსკოვიდან

2 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე“ ბრალი წაუყენა კიროვოგრადის ეპარქიის მიტროპოლიტს, რომელიც მოსკოვიდან იმართებოდა და აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის მიერ უკრაინული მიწის მიტაცების პოლიტიკას.

„ეპისკოპოსი შედიოდა მოსკოვის პატრიარქის კირილეს უახლოეს გარემოცვაში, რომელსაც უთანხმებდა რეგიონში პროკრემლისტური ხედვების გავრცელების გეგმას. მიტროპოლიტი იყო მუდმივ კავშირზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან და ასრულებდა მის დავალებებს რუსეთის აგრესიის გამართლების მიმართულებით“, - წერია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოსკოვის დირექტივებს მიტროპოლიტი იღებდა როგორც „წერილობით ცირკულარებად“, ასევე პირადი შეხვედრების დროს, რუსეთში. „დადგინდა, რომ ეპარქიის ეკლესიებში ადამიანებს ურიგებდნენ მტრის პროპაგანდისტულ ლიტერატურას, რომელიც მრავალათასიანი ტირაჟით გამოიცემოდა აგრესორი ქვეყნის სტამბებში“, - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

საინფორმაციო ბეჭდურ მასალებში, რომელთა დიდი მარაგი იქნა აღმოჩენილი, გაყალბებულია უკრაინის ისტორია და ეჭვქვეშ არის დაყენებული უკრაინის სახელმწიფოებრიობა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით, მიტროპოლიტის დანაშაულებრივი ქმედება საფრთხეს უქმნის უკრაინის სახელმწიფოს უსაფრთხოებას“.

ცნობებში არ არის მითითებული, დააკავეს თუ არა მიტროპოლიტი. არ სახელდება მისი ზუსტი ვინაობა და გავრცელებულ ფოტოებზე სახე დაფარულია. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გრძელდება გამოძიება სხვა დამნაშავეების გამოსავლენად.

1 დეკემბერს ასევე ბრალი წაუყენეს კიევ-პეჩორის ლავრაში მოღვაწე სასულიერო პირს, რომელიც ლოცვებში რუსეთის პატრიარქ კირილეს მოიხსენიებდა და ადიდებდა „რუსულ სამყაროს“. ვრცელდება ცნობები, რომ ბრალდებულთა შორის არის კიდევ რამდენიმე პირი.

ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით, საქმე აღძრა კიევ-პეჩორის მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში სიმღერის „მატუშკა რუსის" შესრულებისა და ღვთისმსახურებისას „რუსული სამყაროს“ განდიდების გამო. მაშინ ლავრაში განაცხადეს, რომ მღვდელი, რომლის წირვის დროსაც ეს მოხდა, ღვთისმსახურებას ჩამოაშორეს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია-მონასტრების შემოწმების პროცესი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნოემბერში, თანდათან გააქტიურდა. უსაფრთხოების სამსახური შედიოდა ეპარქიებში, ამოწმებდა რელიგიურ შენობებს და დამხმარე ნაგებობებს, „რუსული სამყაროს“ კვალის აღმოჩენის მიზნით, რაც „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანო მართლსაწინააღმდეგო საქმიანობით“ ვლინდება.

2 დეკემბრის მონაცემებით, შემოწმება უკრაინის სამი რეგიონის 10 მონასტერში მიმდინარეობდა.

მედვედჩუკთან დაახლოებულები და სხვები

სამართალდამცველებმა 1 დეკემბერს დაასრულეს შემოწმება-ჩხრეკა კარპატისპირეთის ეპარქიის დედათა მონასტრისა, სადაც ხალხს „მატუშკა რუსის გამოღვიძებისკენ“ მოუწოდებდნენ. მონასტერში აღმოაჩინეს სააგიტაციო მასალები, რომლებიც საეჭვოს ხდის უკრაინის დამოუკიდებლობას და ქადაგებენ, რომ „შეუძლებელია ბალარუსის, რუსეთისა და უკრაინის დაშორება“. ომის მომხრე რუსეთის პატრიარქისთვის ამ მონასტერშიც ლოცულობდნენ. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ცნობები დედათა მონასტრის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენების შესახებ.

უკრაინის მედია აღინიშნავს, რომ ამ ეკლესიის წარმომადგენლები განსაკუთრებით კარგ ურთიერთობაში იყვნენ სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებულ მედვედჩუკთან, რომელიც უკრაინელებს დაკავებული ჰყავდათ და, სექტემბერში, კრემლს აზოვის მებრძოლებში გაუცვალეს. მედვედჩუკი ასევე რუსეთის პრეზიდენტისთვის ძალიან ახლობელი ადამიანია. უკრაინული მედია წერს, რომ მედვედჩუკი და მისი ცოლი მუდმივად აფინანსებდნენ დედათა მონასტერს.

პარალელურად, 30 ნოემბერს ჩხრეკების სერია ჩატარდა ქვეყნიდან გაქცეული პოლიტიკოსის, ასევე მედვედჩუკის ყოფილი თანამებრძოლის, პრორუსული პარტია „Наши"-ის („ჩვენები“) თავმჯდომარის, ევგენი მურაევის, მისი ნათესავებისა და მოკავშირეების სახლებსა და სამსახურებში.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია იარაღი, თანხა, მათ შორის - რუბლებში, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. მარტში, პარტიის „Наши“ საქმიანობა შეაჩერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესია-მონასტრებში აღმოჩენილი ფაქტები, ოფიციალური ინფორმაციით, აშკარად მიუთითებს, რომ კრემლი ეკლესიას აქტიურად იყენებდა უკრაინაზე ზეგავლენების მიზნით.

უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი დმიტრი გორდონი ამბობს, რომ უკრაინაში ყოველთვის იცოდნენ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დანაშაულებრივი გავლენებისა და „მილიონობით ადამიანის რწმენის პარაზიტულად გამოყენების“ შესახებ, მაგრამ, წლების განმავლობაში ამას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.

„უკრაინის დამოუკიდებლობის მთელი ამ წლების მანძილზე ვიცოდით, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესია წარმოადგენდა ФСБ-ს ფილიალს. კირილის ფურცლები და ბროშურები არაფერია... უშიშროების სამსახურში საიდუმლო არავისთვის არის, რომ მონასტრებში არის იარაღიც და მოქმედებენ დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები... სასულიერო პირებიც ФСБ-ს თანამშრომლები და აგენტურა არიან... როგორც იქნა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია დაიწყო“, - ამბობს გორდონი იუთუბარხზე.

უკრაინაში ცნობილი ადამიანების გარდა, ამ დღეებში, სოციალურ ქსელებში, უკრაინის არაერთი მოქალაქე ითხოვს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედოს რუსეთის ინტერესების გამტარებელი სასულიერო პირების წინააღმდეგ.

რა გეგმა აქვს უკრაინის ხელისუფლებას?

პრეზიდენტის დავალებით, უკრაინის ხელისუფლება, რუსეთის აგრესიის კვალის წასაშლელად, საგანგებო ზომების მიღებას გეგმავს. პროცესები საკანონმდებლო დონეზეც მზადდება.

2 დეკემბერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას (№820/2022) - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გეგმის დამტკიცების შესახებ, რაც რელიგიური ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების, აკრძალვებისა და სანქციების დაწესებას უკავშირდება.

მაგალითად, მინისტრთა კაბინეტს დაევალა:

  • 2 თვის ვადაში უკრაინის რადაში შეიტანოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში კრძალავს რუსეთის ფედერაციაში არსებულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლისა და ევროსაბჭოს ვალდებულებების შესაბამისად.
  • 2 თვის ვადაში შემოწმდეს რელიგიური ორგანიზაციების მიერ კიევ-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული ქონებით სარგებლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და სარგებლობის პირობების დაცვა.
უკრაინული მედიის განმარტებით, ამ შემთხვევაში ლაპარაკია მუზეუმზე, რომლითაც სარგებლობს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ).

ეთნოპოლიტიკის და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, რომ 2 თვის განმავლობაში, ჩაატაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის წესდების ექსპერტიზა „მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირების დასადგენად“ და „საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები“.

პრეზიდენტის განკარგულებით, უსაფრთხოების სამსახურს, პოლიციასა და სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად, დაევალა - „გაააქტიურონ ზომები უკრაინის რელიგიურ სივრცეში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“.

დოკუმენტში ასევე მხარდაჭერილია უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივა პერსონალური ეკონომიკური და სხვა სახის სანქციების დაწესების შესახებ და პროცესის მონიტორინგი დაევალა მინისტრთა კაბინეტს, უსაფრთხოების სამსახურსა და ეროვნულ ბანკთან ერთად.

1 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა თქვა, რომ აუცილებელია უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობის“ უზრუნველყოფა და არავის მისცემენ „უკრაინულ სულში იმპერიის აშენების“ უფლებას.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ УПЦ რჩება რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად. УПЦ-ს უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG