Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით აქცია გაიმართება


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიის წინ, 2022 წლის 20 ნოემბერი, თბილისი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიის წინ, 2022 წლის 20 ნოემბერი, თბილისი

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 3 დეკემბერს „ქართული ოცნების" ოფისთან გამართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იქნება.

აქციის მთავარი სლოგანია „მიშა უნდა გადარჩეს“.

„გვაქვს ერთი მოთხოვნა - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ამ აქციას არ გააჩნია სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც შეუერთდება. მათ შორის იქნება გიგი უგულავა, რომელმაც სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დაწერა:

„ხვალ და სანამ მიშა სამშვიდობოს იქნება ერთი და მხოლოდ ერთი საკითხია, სადაც ვიქნები ყველგან და ყოველთვის. ახლა ყველა სხვა საკითხი, ჩვენი ევროპული მომავალიც ამ საკითხს უკავშირდება. უფსკრულის წინაშე ვდგევართ. ახლა გამოჩნდება ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება”.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG