Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: მალე ვიხილავთ, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ თუ გადაიყვანენ საზღვარგარეთ


ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხოლოდ ლაპარაკი და წუხილი შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ ვისაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი აწუხებს, უნდა გადაწყვიტოს, რა ხარისხის თავდადებისთვის არის მზად.

„ჩვენ უახლოეს დღეებში ვიხილავთ, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ თუ საზღვარგარეთ გადაიყვანენ, რასაც მოუწოდებს ხელისუფლებას მთელი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება. თუ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას ყურს არ უგდებენ, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ ამ ტიპის აქციებმა შედეგი არ გამოიღო. თუმცაკი, არსებობდა სხვა ტიპის, რადიკალური აქციების გამართვის იდეაც, რაც მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს არ მოემსახურებოდა:

„მაგრამ ახლა, ექსპერტთა ჯგუფების მიერ უკვე დაიდო დასკვნები, სადაც წერია, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც არის. თუ ამასაც ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილი, მაშინ ყველამ გადაწყვიტოს, ინდივიდუალურად, რისთვის არის მზად, ეგუება სიკვდილს თუ არ ეგუება“, - განაცხადა აქციაზე მისულმა ნიკა მელიამ.

3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის წინ გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოითხოვდნენ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG