Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ მოკლათ“ - „ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია "ქართული ოცნების" ოფისის წინ, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, 3 დეკემბერი, 2022 წელი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია "ქართული ოცნების" ოფისის წინ, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, 3 დეკემბერი, 2022 წელი.

ამ წუთებში, მმართველი პარტის, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის წინ მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოითხოვენ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

„მიშა უნდა გადარჩეს“,„არ მოკლა“, „თავისუფლება მიშას“ - მხარდამჭერები ამ ლოზუნგებით ხელში ორბელიანის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ „ქართული ოცნების“ ოფისამდე, სადაც ახლა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციაზე, "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციაზე, "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ

აქციის მონაწილეებს შორის არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, აქტივისტები, პოლიტიკოსები.

ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია.

2 დეკემბერს გასაჯაროვდა ამერიკელი ექიმის, დევით სმიტის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი და რომ, სავარაუდოდ, ეს ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში მისი შესვლის შემდეგ მოხვდა.

სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე გეგმავენ ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დაყენებას.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG