Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი: ვგმობთ 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ, შეშფოთებას გამოვთქვამთ რეგიონების ოკუპაციის გამო


2022 ეუთოს 29-ე მინისტერიალი პოლონეთში, ლოძში. 1 დეკემბერი, 2022 წელი
2022 ეუთოს 29-ე მინისტერიალი პოლონეთში, ლოძში. 1 დეკემბერი, 2022 წელი

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, 2 დეკემბერს, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და დაადასტურა თავისი „სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ჯგუფი გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო ოკუპაციის გამო. იქვე ჯგუფი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები ღრმად არიან შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის გაგრძელებით და ხაზს უსვამენ „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების, მათ შორის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის სრული პატივისცემის საფუძველზე“.

ეს განცხადება გაკეთდა ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ისინი გმობენ რუსეთის ქმედებას, რომელიც, ჩანს, მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად განსაზღვრას და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარეში შეყვანას.

განცხადებაში შეშფოთებაა გამოთქმული რუსეთის მიერ საქართველოში, აფხაზეთში, გაგრის რაიონში 180 ჰექტარი მიწის მიტაცების გამო.

შეშფოთება ეხება ასევე რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას ე.წ. „პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში, ასევე ე.წ. „შეთანხმებას“ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ სამხრეთ ოსეთის რეგიონთან, როგორც კიდევ ერთ ნაბიჯს უკანონო ანექსიის მცდელობისკენ.

განცხადებაში ლაპარაკია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, და მის დასკვნებზე, რომ რუსეთი ახორციელებს კონტროლს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, როცა აწამა ქართველი სამხედრო ტყვეები, თვითნებურად დააკავა და დახოცა ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეები და პასუხისმგებელი იყო მათ მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის, ხელი შეუშალა ეთნიკური ქართველების სახლებში დაბრუნებას და ვერ გამოიძია მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის ფაქტები. ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს განაჩენი, რომელიც ეხება „იძულებით გადაადგილებული პირების (დევნილების) უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ სახლებში“. ჯგუფი წუხილს გამოთქვამს „რუსეთის მიერ კონსენსუსზე უარის თქმის გამო, რის შედეგად 2009 წელს შეწყდა ეუთოს მისიის მანდატი საქართველოში“ და მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ ეუთოს განზომილებიანი მისიის გახსნა საქართველოში, მათ შორის, მონიტორინგის შესაძლებლობებით.

განცხადებაში, რომელიც კანადის წარმომადგენელმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფი გააგრძელებს კონფლიქტისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ცოდნის ამაღლებას, კვლავაც მოსთხოვს რუსეთს ვალდებულებების შესრულებას და დარჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე.

XS
SM
MD
LG