Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ს შემდეგ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც ითხოვენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით. ისინი წერენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების "მაისის მოძრაობამ" უკვე აიძულა თსუ-ს ადმინისტრაცია, ააშენოს სტუნდენტური საცხოვრებელი და ახლა დადგა დრო, მათაც აიმაღლონ ხმა და ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე.

"სტუდენტების უმრავლესობა ბინის სიძვირის, არასათანადო შრომითი პირობების, გაზრდილი ხარჯების გამო ღირსეული საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რაც საგრძნობლად აუარესებს სწავლის მოტივაციასადა ხარისხს. ამ მიზეზებით ყოველწლიურად იზრდება სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. ახალგაზრდებს უწევთ არჩევანი გააკეთონ სწავლასა და მუშაობას შორის, ასეთ შემთხვევაში კი ხშირად პრიორიტეტი მუშაობას ენიჭება.

ამის შედეგად, ღრმავდება ეკონომიკური და კულტურული უთანასწორობა საზოგადოებაში. სწავლა გახდა პრივილეგია და ის კარგავს ფუნდამენტური უფლების სახეს.

ამ ბრძოლაში ყვლა სტუდენტის ჩართულობა აუცილებელია, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თანასწორი, სამართლიანი, აკადემიური სივრცისა და სტუდენტური ცხოვრების შესაქმნელად" , - ნათქვამია 3 დეკემბერს ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში. სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს და აკადემიურ სივრცეს, არ დარჩნენ გულგრილი მათი პრობლემების მიმართ.

სტუდენტების მოთხოვნას 4 დეკემბერს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. მან თქვა, რომ სრულიად იზიარებს სტუდენტების პოზიციას საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით და რომ უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე.

"ყველასთვის ნათელია, რომ Ბოლო წლების ორმა ურთულესმა ფაქტორმა - ჯერ პანდემიამ და შემდეგ კი რეგიონში მიმდინარე ომმა - განსაკუთრებით დაამძიმა სტუდენტების სოციალური მდგომარეობა. მარეგულირებელ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით ილიაუნი ინტენსიურად მუშაობს სტუდენტური საცხოვრებლის პროექტზე, შერჩეულია უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ორი ტერიტორია თემქასა და ნუცუბიძის პლატოზე", - დაწერა ილიას უნივერსიტეტის რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო საცხოვრებლის აშენებას რამდენიმე თვე ითხოვდნენ - ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ, ამ პოსტზე არჩევის პირველივე თვეს.

სტუდენტების ჯგუფი ილიას უნივერსიტეტიდან, რომელმაც განცხადება გაავრცელა, ფეისბუკზე 3 დეკემბერს დარეგისტრირდა და ამ დროისთვის მათი ერთადერთი აქტივობა საცხოვრებლის მოთხოვნის შესახებ გაკეთებული განცხადებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG