Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით“


მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. პარიზი. 19 მაისი, 2022 წელი
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. პარიზი. 19 მაისი, 2022 წელი

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუ აღნიშნავს, რომ ღრმად არის შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით და მიიჩნევს, რომ სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში. ამის შესახებ სანდუმ ტვიტერით განაცხადა.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - დაწერა მაია სანდუმ.

მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ინახულა კლინიკა „ვივამედში“. მასთან ერთად სააკაშვილი მოინახულეს ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმაც, რომლებიც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად სწავლობენ და აკვირდებიან. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ თქვეს ექიმებმა, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოინახულეს, მკვეთრად არის დამძიმებული.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც. დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

XS
SM
MD
LG