Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ მისი დიპლომატების მიმართ მუქარა გრძელდება


ესპანელი პოლიციელები მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან. 2022 წლის 30 ნოემბერი
ესპანელი პოლიციელები მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან. 2022 წლის 30 ნოემბერი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ საფოსტო განყოფილებაში მიაკვლია სამ კონვერტს „ცხოველების თვალებით“, რომელთა ადრესატები იყვნენ უკრაინის საელჩო მადრიდში, გენერალური საკონსულო ბარსელონაში და საკონსულო მალაგაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ოლეგ ნიკოლენკოს ცნობით, საერთო ჯამში, მსოფლიოს 12 ქვეყანაში დაფიქსირებულია უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოებისადმი მუქარის 21 შემთხვევა.

30 ნოემბერს, მადრიდში უკრაინის საელჩომ მიიღო საფოსტო პაკეტი ასაფეთქებელი მოწყობილობით. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა საელჩოს დაცვის თანამშრომელი. 2 დეკემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდის სამეფოში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ავსტრიაში და საკონსულოებმა ნეაპოლში, კრაკოვსა და ბრნოში მიიღეს „სისხლიანი პაკეტები ცხოველების თვალებით". ამ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების წინააღმდეგ მიმდინარეობს ტერორის და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. უკრაინამ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა გააძლიერა.

24 ნოემბრიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ესპანეთში, საფოსტო პაკეტები ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიიღეს და გააუვნებლეს პრემიერ-მინისტრის ოფისში, თავდაცვის სამინისტროში, იარაღის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში, ევროკავშირის თანამგზავრულ ცენტრში, რომელიც მადრიდთან მდებარეობს და აშშ-ის საელჩოში.

XS
SM
MD
LG