Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი


ფოტო არქივიდან. აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ლოიდ ოსტინი და ოლექსი რეზნიკოვი
ფოტო არქივიდან. აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ლოიდ ოსტინი და ოლექსი რეზნიკოვი

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 5 დეკემბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს, ოლექსი რეზნიკოვსა და ლოიდ ოსტინს შორის.

პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ძალისხმევის მთავარ პრიორიტეტად რჩება უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ამას ცხადყოფს ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებაც, უკრაინას გადასცენ დამატებითი საბრძოლო მასალები სარაკეტო სისტემებისთვის NASAMS და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებები.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ტვიტერზე დაწერა, რომ ლოიდ ოსტინთან განიხილა შემდგომი ნაბიჯები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად.

5 დეკემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა ბოლო ორ თვეში მერვე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე ოდესის, კიევის, ვინიცის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებში. დაიღუპა 4 ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 5 დეკემბერს რუსეთმა ისროლა 70-ზე მეტი ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, საიდანაც 60-ზე მეტი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. სარდლობის თანახმად, 38 ფრთოსანი რაკეტა ნასროლი იყო კასპიის ზღვის და როსტოვის ოლქის რაიონებიდან, რუსეთის 8 სტრატეგიული ბომბდამშენიდან ტუ-95.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო შეტევა 5 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში განახორციელა. რამდენიმე საათით ადრე, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განახორციელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG